მოახლოვდა საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების თამაშები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში დაგეგმილი “ბაბლის” ეგიდით მატჩები 19 და 21 თებერვალს ჩატარდება. პირველ დღეს საქართველო სერბეთს დაუპირისპირდება, ხოლო ფინეთი უშუალო კონკურენტ შვეიცარიას ეთამაშება.
მართალია, საქართველოს ნაკრებს, საკვალიფიკაციო ეტაპზე 4-დან 4 გამარჯვება აქვს და შესარჩევის დაუმარცხებლად დასრულებას შეეცდება, თუმცა, როგორც ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელს, ისედაც გარანტირებული აქვს ფინალურ ეტაპზე თამაში.
ამ ორ თამაშს ჩვენი ნაკრები რამდენიმე სიახლით ხვდება _ გვყავს ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი, ამერიკელი ლეგიონერი კონერ ფრენკამპი. 25 წლის კალათბურთელი ესპანეთის ჩემპიონატში, “მურსიას” რიგებში ასპარეზობს. აღსანიშნავია, რომ კონერი ACB ლიგაში ძალიან შედეგიანია, მას 26,47 წუთში, 16,9 ქულა, 2,3 მოხსნა და 3,6 პასი აქვს. ის Liga Endesa-ს მიმდინარე სეზონში საუკეთესო მექულეთა შორის მესამე ადგილზეა. განაცხადშია კიდევ ერთი ნატურალიზებული თად მაკფადენი, თუმცა სამატჩო განაცხადში მხოლოდ ერთი ლეგიონერის შეყვანის უფლება აქვთ გუნდებს.
„ჯვაროსნების“ 16 კაციან განაცხადში კიდევ ერთი დებიუტანტი „რუსთავის“ 22 წლის ცენტრი გიორგი თვალაბეიშვილი მოხვდა.
სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო, კაპიტანი, თორნიკე შენგელია ვერ დაეხმარება, ხოლო ამერიკიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებენ გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს ნაკრები რეიტინგში მე-6 ადგილზე იმყოფება ევროპაში. მსოფლიოს მმართველი საკალათბურთო ორგანიზაციის, ფიბა-ს საიტზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა განახლებული სანაკრებო რეიტინგი, რომელიც დაფუძნებულია 2020 წლის შედეგებზე. საქართველოს ნაკრებმა ბოლო თვეებში სერიოზული ნახტომი გააკეთა – ექვსი საფეხურით დაწინაურდა და მე-6 ადგილზე აინაცვლა.
სამწუხაროდ, სანაკრებო თამაშები უმაყურებლოდ გაიმართება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა მაყურებელს „პირველი არხის“ ეთერით შეეძლება.