დღეს საქართველოში არის უფრო მეტი ნატო და ნატოში უფრო მეტი საქართველოა, რასაც დიდწილად უნდა ვუმადლოდეთ ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მიზანმიმართულობას და დიდ ძალისხმევას ამ გამოწვევებით აღსავსე, მაგრამ ღირსეულ გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ასევე მისიის ხელმძღვანელის საქართველოში საქმიანობის ვადის ამოწურვას მიეძღვნა.
გიორგი კვირიკაშვილმა უილიამ ლაჰიუს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ამ მიმართულებით ქვეყნის წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ნატოს სამეკავშირეო ოფისი დაარსების დღიდან დაუღალავად შრომობს ალიანსთან საქართველოს ურთიერთობების გასაღრმავებლად და მნიშვნელოვან რეკომენდაციებსა და დახმარებას უწევს მთავრობას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების გზაზე.
„სიხარულით აღვნიშნავ საქართველოს თანმიმდევრულ პროგრესს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების გზაზე, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორების ნატოს სტანდარტებსა და კრიტერიუმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში და ნატოს სამომავლო წევრობისთვის საქართველოს მომზადებაში. ყველა ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს წარმატება ჩვენი საერთო წარმატებაა. ჩვენი მოკავშირეებისა და მეგობრების მხარდაჭერის წყალობით საქართველო იქცა ნამდვილ რეგიონულ ლიდერად დემოკრატიის კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და ეფექტიანი მმართველობის განმტკიცების კუთხით. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენი დემოკრატიული ტრანსფორმაცია არის მნიშვნელოვანი ეტაპი ნატოსთან დაახლოების გზაზე და ის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ნატოს ჯარებთან საქართველოს ურთიერთქმედების ხარისხის გაუმჯობესება და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. ძვირფასო უილიამ, ვსარგებლობ შემთხვევით, რათა პირადად მოგახსენოთ მადლობა წლების განმავლობაში საქართველოს განვითარებაში თქვენ მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი და, ამავე დროს, ემოციური წვლილისთვის. მადლობას გიხდით, რომ მოგვეცა თქვენი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. გმადლობთ, რომ ხართ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი, რასაც ჩვენ, რასაკვირველია, დიდად ვაფასებთ. გისურვებთ წარმატებას თქვენს მომავალ საქმიანობაში. ჩვენ ყოველთვის სიხარულით მიგიღებთ, რადგანაც დიდად ვაფასებთ ჩვენს განსაკუთრებულ მეგობრობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved