სამხედრო სარეზერვო სამსახურის ახალი კონცეფციის თანახმად, აქტიურ სარეზერვო სამსახურში 18-დან 55 წლამდე ასაკის სამოქალაქო პირები ჩაირიცხებიან. სარეზერვო სამსახურში მსახურობის ხანგრძლივობა წელიწადში 45 დღეს შეადგენს, _ პროექტი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შესაბამისი კომიტეტის წევრებთან წარადგინეს.
როგორც პროექტითაა განსაზღვრული, საქართველოში სარეზერვო სამსახური იქნება ნებაყოფლობითი და ამავდროულად, ანაზღაურებადი, რომელიც შეადგენს წოდებრივი სარგოს 20%-ს ყოველთვიურად და 100%-ს ქვედანაყოფში გამოძახებისას.
რეზერვისტები ორი სახის მომზადებას გაივლიან, საბრძოლო-ინტენსიურსა და სამობილიზაციო-მოკლევადიანს. კონცეფციის ავტორების განცხადებით, რეზერვისტთა შესაძლებლობები და პროფესიული უნარჩვევები სრულ თანხვედრაში იქნება შეიარაღებული ძალების პროფესიულ ქვედანაყოფებთან.
კონცეფციით განსაზღვრულია სპეციალისტების რეზერვის შექმნა, რომელიც ერთგვარი კიბერ სპეციალისტთა რეზერვი იქნება. ამ რეზერვში მყოფი ადამიანები გააგრძელებენ სამოქალაქო ცხოვრებას და ამავდროულად ჩარიცხულები იქნებიან რეზერვის სამსახურში.
„რეზერვისტები მთელი წლის მანძილზე პროფესიონალურ დონეზე იქნებიან აღრიცხული და გარკვეულ ხელფასსაც კი მიიღებენ, თუმცა წელიწადში, საერთო ჯამში 45 დღე იქნებიან გამოძახებული, მაქსიმალურად იქნებიან თანხვედრაში შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებთან და იმ ცხოვრების წესთან, რასაც ჩვენი მუდმივი სამხედრო მოსამსახურეები ეწევიან. გარდა ამისა, ჩვენ გვეყოლება ტერიტორიული პრინციპით სამხედრო რეზერვი“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.