მომღერალი გია ჭირაქაძე ერთ კურიოზულ ისტორიას ხშირად იხსენებდა:
„ერთხელ, მანქანით მივდიოდით მე და ჩემი მეუღლე. სააკაძის მოედანთან „გაიშნიკმა“ თავისი ჯოხი დააქნია და თან ჩამისტვინა, გააჩერეო. გავაჩერე, დავხიე უკან მანქანა. „იკარუსი“ ჰყავდა გაჩერებული და სანამ იმის მძღოლს ესაუბრებოდა, კარგა ხანს ვუცადე.
როგორც იქნა, მოვიდა. მკითხა, რატომ არ გააჩერეო. ვუთხარი, გავაჩერე ბატონო-მეთქი. რატომ არ დამიძახეო, – ვუთხარი, „იკარუსის“ მძღოლს ესაუბრებოდით და გელოდებოდით-მეთქი. სად იყო „იკარუსიო“… მოკლედ, შარზე იყო.
მაშინ „გაიშნიკებს“ მკერდზე ეწერათ სახელი და გვარი. ამოვიკითხე: ერდემონ მორგოშია. ნამეტანი უცხვირპირო კაცი იყო. მეჯუჯღუნა, ვერ აღმომიჩინა დარღვევა, მაგრამ ფული მაინც გადამახდევინა და ისე გამიშვა. კი გამიკვირდა, ამ ქალაქში ყველა მცნობს და ეს კაცი რანაირი ქალაქელია, რომ უმიზეზოდ ამიშარდა-მეთქი.
გავიდა რამდენიმე დღე. ისევ იმ ადგილას გავიარე და ისევ იმ „გაიშნიკმა“ გამაჩერა. მასთან ერთად სხვა „გაიშნიკებიც“ იყვნენ. გავაჩერე მანქანა, გადმოვედი. მესმის, კოლეგები ეუბნებიან: კაცო, არ იცი, ვინ უნდა გააჩერო და ვინ არაო. ესეც უკან არ იხევდა: ვითომ ეს რატომ არ უნდა გავაჩეროო.
გამწარდნენ „პაგონებიანი“ ბიჭები და ეცნენ: კაცო, ნუ გადაგვრიე, შენ, ვერ იცანი, ვინ არისო? მისი სახელი და გვარი ამოკითხული და დამახსოვრებული მქონდა პირველი შეხვედრის დროს. მივუახლოვდი და ხმამაღლა ვუთხარი: მე ყველა მცნობს ამ ქალაქში ერდემონ მორგოშიას გარდა, მაგრამ სამაგიეროდ, ის ისეთი პოპულარულია, რომ მე არც ერთი „გაიშნიკის“ სახელი და გვარი არ ვიცი, ერდემონ მორგოშიას გარდა-მეთქი.
გაიბადრა. ესიამოვნა. მოვბრუნდი და წამოვედი. ჩავჯექი მანქანაში და ვიფიქრე, მაშინ წახდა ჩვენი საქმე, ამ ქალაქში ერდემონ მორგოშიები რომ პოპულარობენ და ქართულ სიმღერას ფასი აღარ აქვს-მეთქი“.
ავტორი