სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ პროექტს კენჭს 22 აპრილს უყრიან. პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 15 დეკემბერის N65-Iს დადგენილებით შექმნილმა კომისიამ, სამუშაო ჯგუფის ფორმატში სამ ეტაპიანი შეხვედრები გამართა. 4 თვის განმავლობაში სამუშაო შეხვედრებზე კონსტიტუციის თავების და მუხლების დეტალური განხილვა-რედაქტირება დისკუსიის და დებატების რეჟიმში მიმდინარეობდა, რომელზეც კომისიის თითოეულ წევრს საკუთარი წინადადებების და მოსაზრებების წარმოდგენის საშუალება მიეცა.
სამუშაო ჯგუფის ფორმატში განხილულ საკითხებს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე შეაჯამებენ. ახალი კონსტიტუციის რედაქციის პროექტს კომისიის წევრები კენჭს 22 აპრილს უყრიან. მიღებული დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება და საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის საქართველოს მოქალაქეებს წარედგინებათ.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, ოთხ თემატურ ჯგუფს მოიცავს. კერძოდ:
ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფი;
საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი;
საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი;
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფი.