სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის მიერ ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენების თემაზე გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.
“გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვაკის მე-2 და მე-14 უბნებზე, დავით შენგელიას და ზურა ჩაკვეტაძის სახელზე, ყალბი პირადობის მოწმობები გამოავლინეს, საარჩევნო სამაგიდო სიასა და პირადობის მოწმობაში არსებული მათი ფოტოები არ ემთხვეოდა ერთმანეთს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღნიშნული პირების შესახებ ინფორმაცია გადამოწმდა და დადგინდა, რომ ორივე შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა ერთი და იგივე მისამართზე, იდენტური სახელით და გვარით დარეგისტრირებულ მამა-შვილს, კერძოდ:
ზურაბ ჩაკვეტაძე – დაბადებული 1948 წელს და მისი შვილი, ზურაბ ჩაკვეტაძე, დაბადებული 1993 წელს და მცხოვრები თბილისი, ნიკოლოზ ყიფშიძეს ქუჩა, კორპუსი 5ა. (რეგისტრირებულნი იყვნენ ვაკის N14-ე უბანზე).
დავით შენგელია – დაბადებული 1947 წელს და მისი შვილი, ასევე დავით შენგელია, დაბადებული 1974 წელს, მცხოვრები ვ. ბარნოვის ქ. N81. (რეგისტრირებულნი იყვნენ ვაკის N2-ე უბანზე).
სავარაუდოდ, ორივე შემთხვევაში, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მამა-შვილიდან ერთ-ერთი იყო მისული და ადგილზე მყოფი გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი შეცდომაში შევიდა, შესაბამისად, დეზინფორმაცია გაავრცელეს“,- აცხადებენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.