საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქმე „ანა გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. სარჩელი შეეხება პრეზერვატივების მწარმოებელ კომპანიას „აიისას“, რომლის მფლობელიც 2 წლის წინ საერთო სასამართლოებმა არაეთიკური რეკლამის (პრეზერვატივის შეფუთვაზე დატანილი წარწერებისა და გამოსახულებების) გავრცელების გამო დააჯარიმეს.
მოსარჩელე ანი გაჩეჩილაძე, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში GDI წარმოადგენს, დაობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას არაეთიკური რეკლამის განთავსებისა და გავრცელებისთვის. სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას სახელმწიფო დროშის ან გერბის შებღალვისთვის.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები გაუმართლებლად ლახავს გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლებას, ამავდროულად არ პასუხობს კანონის ხარისხის მოთხოვნებს.
კერძოდ, არაკონსტიტუციურია საჯარო მორალისა და სხვათა რელიგიური გრძნობების დაცვის მოტივით აღნიშნული უფლებების შეზღუდვა. შეზღუდვა. ამავდროულად, სადავო ნორმები შეიცავს ბუნდოვან დებულებებს („შებღალვა“, „ჰუმანური და ზნეობრივი ნორმების დარღვევა“), რაც განუჭვრეტელს ხდის მათი გამოყენების სფეროს.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამგვარი ნორმების სამართლებრივ სივრცეში არსებობა წარმოადგენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საშიშ იარაღს. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს სამომავლოდ გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური სტანდარტის განვითარებაზე.