ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების ფუნქციონირების, მათი ზღვრული დაფინანსების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივ სარგოსთან დაკავშირებით საკითხები დამატებით განხილვებს საჭიროებს _ამის შესახებ განცხადება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტზე მსჯელობისას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისის სხდომაზე გაკეთდა.
გარდა ამისა, კომისიაში მიიჩნევენ, რომ მუნიციპალიტეტში სახელფასო ფონდი, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილბებიდან გამომდინარე, კანონთან შესაბამისობაშია მოსაყვანი, ხოლო სარეზერვო ფონდი, ნაცვლად 30 ათასი ლარისა 50 ათას ლარს უნდა შეადგენდეს.
კომისიის სხდომაზე გამოითქმული შენიშვნებისა და მოსაზრებების მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელია თანხები: აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის, დიდთოვლობისა და სხვა გაუთვალისწინებელი მოვლენების შედეგიდან გამომდინარე გზების მოვლითი ღონისძიებებისა და მაწანწალა ძაღლების თავშესაფარში მოთავსებისთვის.
ამასთან, ბიუჯეტში 1800 ლარი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის წევრობის საწევრო გადასახადისთვის უნდა გამოიყოს.
საბოლოოდ, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ ბიუჯეტზე მსჯელობის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მერიის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი სრულყოფილი არაა და დამუშავებას საჭიროებს.