3 ივლისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა შედგა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ წარმოადგინა.
წარმოდგენილი საკითხებიდან სამი დადგენილების მიღებას, ასევე ოთხი განკარგულების მიღებას, დანარჩენი კი განკარგულების მისაღებად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას შეეხებოდა.
პირველი საკითხის მიხედვით, რომელიც გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის, სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცებას შეეხებოდა, საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ განაცხადა, რომ ეს ცვლილება ხელს შეუწყობს ბიუჯეტში შემოსულობების ზრდას.
საკრებულომ მხარი დაუჭირა ახლადარჩეული წევრის, დავით მდინარაძის უფლებამოსილების გახორციელებას ორ კომისიაში, რომლებშიც ყოფნა თავად ისურვა _ ეს არის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისია.
სხდომაზე საკითხს _ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის და მერიის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, რომელიც სამართლებრივი უზრუნველყოფის და იურიდიული სამსახურის უფროსმა ლაშა თავაძემ წარმოადგინა, დეპუტატი მარიკა ჩხიკვიშვილი შეეწინააღმდეგა:
_ სოციალური სამსახურის არსებობა საჭიროა მუნიციპალიტეტში. ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სამსახურია. საკრებულოს კომისიებში და ფრაქციებში აქტიურად მივიღებ მონაწილეობას და წარმოვადგენ ჩემს მოსაზრებას. მუნიციპალიტეტის მიერ საშტატო ნუსხის დამტკიცების პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული. სოციალური სამსახური მუნიციპალიტეტის ერთ -ერთი ხერხემალია და მისი ცალკე სამსახურად დარჩენა აუცილებლობად მიმაჩნია.
საკრებულოს წინაშე წარმოდგენილი დოკუმენტით მერია სოციალური სამსახურის დაკნინებას ახდენს. არადა, სოციალური სამსახური ყველაზე დატვირთული სფეროა, ყველაზე მეტი წერილი ამ სამსახურში შემოდის და მისი სამსახურად დატოვება, ვფიქრობ, აუცილებელია. სოციალური სამსახურის პოზიცია ვაკანტურია და მრჩება შთაბეჭდილება, რომ მიზანმიმართულად არ აცხადებთ ვაკანსიას _ შიდა გადათამაშებას ახდენთ. ალტერნატივა ვფიქრობ, რომ არ არის _ სოციალური სამსახური დარჩეს უცვლელი და თუ ზედამხედველობის სამსახური აუცილებლობას წარმოადგენს და არაა საკმარისი დღევანდელი რესურსი, მაშინ მიზანშეწონილად მიმაჩნია, იურიდიული სამსახურიც შეიცვალოს განყოფილებად, _ თქვა ჩხიკვიშვილმა.
ლასა თავაძემ თქვა, რომ ახლა იწყება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და შესაძლოა, ზოგი რამ შეიცვალოს.