„გურია ნიუსს“ პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრა.
_ბატონო გია, ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა 59,54 %-მა დაუჭირა მხარი, გრიგოლ ვაშაძეს კი 40, 46 %-მა, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველმა პარტიამ საარჩევნო უბნებზე მხარდამჭერთა მობილიზება მოახერხა. პოლიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის გაპრეზიდენტება ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. თქვენი აზრით, საქართველოს სალომე ზურაბიშვილის სახით როგორი პრეზიდენტი ეყოლება?
_ რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტი სახელმწიფო მართვაში არ მონაწილეობას, სალომე ზურაბიშვილი ბევრს ვერაფერს დააშავებს და ვერც გააკეთებს. ზურაბიშვილი საკმაოდ თავისებური ადამიანია, ამიტომ კიდევ ერთი სანახაობრივი პერსონაჟი შეემატება ისედაც საკმაოდ ტრაგიკომიკურ გასართობ ქართულ პოლიტიკას.
_საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება მთლიანად „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის შედეგია, მიუხედავად ამისა, რამდენად მაღალია შანსი იმისა, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, მომავალი პრეზიდენტი პარტიის ლიდერებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდეს?
_დაპირისპირების შანსი საკმაოდ მაღალია. წინასაარჩევნო კამპანიის დროს სალომე ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის შინაგანი დაპირისპირება ძალიან გამწვავდა. ვნახეთ, როგორ დააწერეს მისი სახელი იმ სურათებს, რომელზეც პარტიის ლიდერების სურათები იყო გამოსახული, რაც მისთვის, ბუნებრივია, სასიამოვნო არ იქნებოდა. ამ და სხვა მისთვის მიუღებელი საკითხების გამო, გაპრეზიდენტების შემდეგ, აუცილებლად იძიებს შურს.
არც თუ ისე შორს არის მომენტი, როცა „ქართულ ოცნებასა“ და სალომე ზურაბიშვილს შორის დაპირისპირების სერია დაიწყება, რაც სისტემურად ვერაფერს შეცვლის, მაგრამ გასართობი გვექნება.
_არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა, რაც ოპოზიციის მხრიდან იმთავითვე ერთი კაცის გადაწყვეტილებად შეფასდა. ჩანს, რომ ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ქვეყანაში არეულობის მოწყობას არ აპირებს. არჩევნებში განცდილი მარცხის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, რა იქნება მათი სამოქმედო გეგმა?
_ მიხეილ სააკაშვილის ბუნება ასეთია. პრინციპში ქართულ პოლიტიკაში ის თავის როლს უკვე თამაშობს. ვინმეს მოლოდინი ჰქონდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი სხვა რამეს იტყოდა?! „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაასამმაგა ამომრჩეველთა რაოდენობა, 300 ათასიდან 900 ათასამდე აიყვანა, რაც მთლიანად „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.
ოპოზიციური გაერთიანება 2020 წლისთვის ამომრჩეველთა რაოდენობის შენარჩუნებას შეეცდება. მათ არეულობის არც სურვილი და არც რესურსი აქვთ. ისინი უბრალოდ შეეცდებიან, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ამომრჩეველთა იმედები გაამართლონ და სახე არ დაკარგონ.
_წინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია, რაც იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა გულის მოგების მიზნით, უნდა გააქტიურდეს. გუშინ, „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ მაქსიმუმს გააკეთებს. როგორ ფიქრობთ, „ქართული ოცნებას“ დაშვებული შეცდომების გამოსწორება შეუძლია?
_ამ ქვეყანაში სიტყვებს ფასი დაეკარგა, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვებსაც. ჩვენ მისგან საქმეს ველოდებით, სიტყვებს სკეპტიკურად ვუყურებ. კარგ საქმეს თუ გააკეთებს, ტაშს დავუკრავთ. საფუძველი აღარ გვაქვს, რომ მხოლოდ სიტყვებზე ვენდოთ.
_არსებობს მოსაზრება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა იძულებით მიყვანას ვეღარ შეძლებს. დაპირებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რა გამოწვევების წინაშე დადგება „ქართული ოცნება“ ?
_თუ პოლიტიკური ელიტის პოტენციალს გავითვალისწინებთ, როგორც პროფესიულს, ისე მორალურსა და ზნეობრივს, „ქართულ ოცნებას“ არაფრის პერსპექტივა აქვს. პირადად ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაა, რომ მან მმართველ პარტიაში სისტემური რეფორმირება მოახდინოს. მმართველობითი სისტემის ალგორითმი უნდა გადაისინჯოს, რაც რადიკალურ საკადრო ცვლილებებსაც გულისხმობს. თუ აღნიშნულს არ გააკეთებს, „ქართული ოცნების“ დეგრადაციის პროცესი გაგრძელდება და პარტიის პოლიტიკური მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდება.