„სალომე ზურაბიშვილის განცხადება ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ პრეზიდენტი საერთოდ უარს ამბობს შეწყალების ინსტიტუტის გამოყენებაზე, რაც არსებითად არასწორია“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ კონსტიტუციონალიტმა ვახტანგ ხმალაძემ. იგი შეწყალებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი არ არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია „გაასწოროს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები“.
ხმალაძე კანონპროექტის შესახებ, რომელიც სასამართლო სისტემის ორ ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შეჩერებას ითვალისწინებს აღნიშნავს, რომ „უკან მოტრიალდება და კანონისთვის უკუძალის მიცემა, თან ისეთი უკუძალის, რომელიც გააუარესებს მათ მდგომარეობას, არ იქნება სწორი“.
_ ბატონო ვახტანგ, მმართველი პარტიის ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც 2024 წლის დეკემბრამდე სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შეჩერებას ითვალისწინებს, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ მხარი არ დაუჭირა. თუ კანონპროექტმა მხარდაჭერა ვერც სესიაზე ვერ მოიპოვა, რისი ალბათობაც მაღალია, კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატები, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების მიზნით, ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ. ახლა, როცა მმართველი პარტიის პოლიტსაბჭომ მოსამართლეების უვადო განმწესების შეჩერება კონსტიტუციის პრინციპების დარღვევად შეაფასა, აღნიშნული ცვლილების დაკანონება რამდენად რეალურია?
_ ამას დრო გვიჩვენებს. თანამდებობებზე მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შეჩერების საკითხი შეიძლება იმგვარად გადაწყდეს, რომ კონსტიტუციის ძირითად ტექსტში არანაირი ცვლილება შევიდეს და გარდამავალ დებულებაში ჩაიწეროს, რომ უვადოდ განწესება რაღაც დროის შემდეგ ამოქმედდება, თუმცა თუ ასე მოხდა, ერთი პრობლემა იჩენს თავს, კერძოდ, უკვე უვადოდ განმწესებულ მოსამართლეებს რა უნდა ვუყოთ?! იმის თქმა, რომ ისინიც აღარ იქნებიან უვადოდ განმწესებული მოსამართლეები, ფრიად პრობლემურია, რადგან მოსამართლეები კანონთან და კონსტიტუციასთან სრული შესაბამისობით იქნენ არჩეულნი. ახლა უკან მოტრიალდება და კანონისთვის უკუძალის მიცემა, თან ისეთი უკუძალისა, რომელიც გააუარესებს მათ მდგომარეობას, არ იქნება სწორი.
_ კანონპროექტის შესახებ, რომელიც თანამდებობებზე მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შეჩერებას ითვალისწინებს, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, ხშირ შემთხვევაში, კი პროფესიით დეპუტატი იურისტებისგან საზოგადოება დიდი ხანია განსხვავებულ მოსაზრებებს ისმენს. დეპუტატთა ნაწილი თვლის, აღნიშნული ინიციატივა არაკონსტიტუციურია, რასაც სხვები არ იზიარებენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ კონსტიტუცია განსხვავებული ინტერპრეტირების შესაძლებლობას აძლევს?
_ ამა თუ იმ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით იურისტებს განსხვავებული მოსაზრებები რომ აქვთ, ამაში არანორმალური არაფერია. საქმე ის გახლავთ, რომ მთელი რიგი სამართლებრივი ნორმები იწერება ისე და სხვაგვარად ვერც დაიწერება, რომ შესაძლებელი იყოს გარკვეულწილად განსხვავებული ინტერპრეტაციები. თუმცა როცა იურისტი, სამართალმცოდნე პოლიტიკოსობას იწყებს, საკუთარი პროფესია ბოლომდე არ უნდა დაივიწყოს და მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე სამართლებრივ შეფასებებს არ უნდა აკეთებდეს. მისთვის რაოდენ წამგებიანიც არ უნდა იყოს სწორი ინტერპრეტირება, ნორმა სწორად უნდა განმარტო.
_საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა, ციტირება_“არ მგონია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს აყენებს სასამართლო სისტემის ზემოთ და რომელსაც შეუძლია, რომ გაასწოროს ის, რაც არის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი“. როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტს გაცნობიერებული აქვს, რას ნიშნავს კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების უფლების გამოყენება?
_ ქალბატონ სალომეს ერთ რამეში დავეთანხმები, კერძოდ, პრეზიდენტის ფუნქცია ნამდვილად არ არის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოსწორება, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ პრეზიდენტი საერთოდ უარს ამბობს შეწყალების ინსტიტუტის გამოყენებაზე, რაც არსებითად არასწორია.
_ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა ადამიანებს, რომლებიც სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებენ, უნამუსო, უღირსი მატყუარები, ფსიქიკურად დარღვეულები და გონებრივად პათოლოგები უწოდა. მოსამართლისთვის შეუფერებელი კომენტარი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით მომზადებულ კვლევას მოყვა, რომლის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 51%-მა სასამართლო სისტემა დამოუკიდებელ ორგანოდ მიიჩნია. „ამ კვლევის სანდოობას ვერავინ ეჭვქვეშ ვერ დააყენებს! მე არ ვგულისხმობ უღირს მატყუარებს, ადამიანებს ფსიქიკური დარღვევებით ან გონებრივი პათოლოგიებით“, _ აღნიშნა მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა. აღნიშნული განცხადება მოსამართლისთვის გათვალისწინებული უფლებამოსილების სამართლებრივ ჩარჩოში ჯდება ?
_ ასეთი განცხადებების გამკეთებელი ადამიანი მოსამართლე ნამდვილად არ უნდა იყოს. მან, ფაქტობრივად, ადამიანებს ვერდიქტი გამოუტანა, რაც მოსამართლის მხრიდან ყოვლად დაუშვებელი მოქმედებაა. სავსებით სამართლებრივი იქნება, რომ ასეთ მოსამართლეებს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისროთ. მიმაჩნია, რომ ასეთი განცხადებების გამკეთებელ მოსამართლეებს სამოსამართლეო უფლებამოსილება საერთოდ უნდა შეუწყდეთ.