სამართლიანი თამაშის წესები სწრაფ და ონლაინ სესხებსაც შეეხება – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთო თამაშის წესებზე, აქ ბუნებრივია, იგულისხმება მთელი ფინანსური სექტორი, ვინაიდან პრობლემის მნიშვნელოვანი მიზეზი, რასზეც დღეს ვსაუბრობთ, არის ის, რომ იყო ე.წ. ასიმეტრიული რეგულაცია ფინანსური სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის. მაგალითად, საბანკო სექტორს ჰქონდა თავისი რეგულაცია, არასაბანკო სექტორში – მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს – თავისი, ონლაინ სესებზე მოქმედებდა სხვა რეგულაცია. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არ იყო მოქცეული ერთიან რეგულაციაში და გარკვეულწილად, ეს იქცა პრობლემის ერთ-ერთ წყაროდ. გამომდინარე აქედან, იმ თამაშის წესებზე, რომელზეც ვსაუბრობ, ეს შეეხება ყველას, მათ შორის, რა თქმა უნდა, სწრაფი და ონლაინ სესხების წარმომადგენლებსაც, ვინაიდან სწორედ ამ ტიპის მომსახურებებმა შექმნა ჭარბვალიანობის პრობლემა საქართველოში, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ,“ -თქვა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან ძალაში შედის ახალი საბანკო რეგულაციები.
კერძოდ, კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა ეზღუდებათ. იმისათვის, რომ ფიზიკური პირის შემოსავალი ჩაითვალოს გაანალიზებულად, ბანკში წარდგენილ უნდა იქნეს სახელფასო ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან ან ცნობა შემოსავლების სამსახურიდან.
თუ მსესხებელი შემოსავალს იღებს სავაჭრო/სამეწარმეო საქმიანობიდან, ბანკს მოუწევს გადამხდელუნარიანობის დასადასტურებლად მისი საქმიანობის დეტალური ფინანსური ანალიზი ჩაატაროს.