“ფრთხილად რისკ ჯგუფია“ _ ასეთი შინაარსის პლაკატის ნაწილია შემორჩენილი დაბა ნასაკირალის სამედიცინო ამბულატორიის მეორე სართულზე. ეს სიტყვები აუცილებლად გაგახსენდება, როდესაც ამბულატორიის შენობას დაათვალიერებთ.
კომუნისტების დროს საავადმყოფო იყო, ახლა ამბულატორია. ახალი და ძველი შენობით, მაგრამ ორივეს შველა და პატრონობა სჭირდება.
ნასაკირალში ყოფნის დროს ადგილობრივები გვეუბნიან, რომ ამ პრობლემით ყოველ დროს ინტერესდებოდნენ, რადგან რისკის ქვეშ უწევს მედიცინის მუშაკებს პაციენტების მიღება.
“სანამდე არ ჩავიმარხებით, მანდამდე იქნებ მოგვაქციონ ყურადღება“, _ გვითხრეს ამბულატორიაში.
“მე 1981 წლიდან ვმუშაობ და ბოლო წლებია საშინელებაა. დილით, როდესაც შემოვდივარ შენობაში, მეშინია რამე ჩამოვარდნილი არ იყოს ან არ დაგვეცეს თავში“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სოფია არონიანმა.
ოჯახის ექიმი მაია გობრონიძე ამბობს, რომ მთავარია, დროულად შესრულდეს დანაპირები.
“ძველი მთავრობის დროსაც გვპირდებოდნენ პრობლემის მოგვარებას და ახალი მთავრობის დროსაც გაიცა დაპირებები. ეს შენობა არ არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე და აქედან გამომდინარე, ყველა პროცესი იწელება დროში. ამასობაში მთავარი, ძველი შენობა გვენგრევა თავზე და არავინ იცის, რა მოხდება. საშიშ მდგომარეობაში გვიწევს მუშაობას. ამ წუთებში ხალხის ნაკლებობაა, რადგან უმეტესობა თურქეთშია გადასული სამუშაოდ, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ მაია გობრონიძე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ბესო ქათამაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ გასულ წელს დაიწყო მუშაობა, რომ ახალი ამბულატორიის შენობა აშენებულიყო, მაგრამ ამ ეტაპზე ყველა პროცესი შეჩერებულია.
“უმძიმესი მდგომარეობა არის და შეუძლებელი აქ მუშაობა. შენობის მარცხენა მხარეს სახურავი მოხსნილია და ჩქარ ტემპში უნდა მოხდეს ხელისუფლებისგან რეაგირება ამ საკითხზე. ეს საკითხი არ არის ახალი და ნასაკირალში მცხოვრებლებს უნდათ აშენდეს ახალი ამბულატორია. ორი წლის წინ ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა ნასაკირალში საარჩევნოდ და დაპირება მიიღო მოსახლეობამ, რომ ეს საკითხი მოგვარდებოდა, მაგრამ არაფერი ჩანს. ყოველდღიურად რთულდება მდგომარეობა და არ არის გამორიცხული, რომ ძველი შენობა ჩამოინგრეს. ეს არის საერთო პრობლემა და ხელისუფლებას მოვუწოდებ, დროულად დაინტერესდნენ ამ საკითხით. ყველამ იცის ამ პრობლემის შესახებ, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს. შარშან დაიწყო სამუშაოები ახალი შენობის ასაშენებლად, გამოიყო სპეციალური ტერიტორია, მიმდინარეობა აზომვითი სამუშაოები და ამის შემდეგ არაფერი ისმის. ხალხს სჭირდება დანაპირების შესრულება“, _ ამბობს ბესო ქათამაძემ.
გურიის გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძე ამბობს, რომ დაბა ნასაკირალში ამბულატორიის მოსაწყობად გვქონდა მსჯელობა.
“ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. აღნიშნული საკითხი აუცილებლად მოგვარდება, მოეწყობა ახალი ამბულატორია, მოხდება აღჭურვა და ადგილობრივ მოსახლეობას ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება გაეწევა“, _ გვითხრა მერაბ ჭანუყვაძემ.
დაბა ნასაკირალის მოსახლეობა საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ნინო წილოსანთან შეხვედრას და მისგან დანაპირების ასრულებას ითხოვს.
“ნასაკირალში, ისევე როგორც სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში, კარგად ვიცი, რა საჭიროებები აქვს მოსახლეობას. ამ საკითხებს, რომლებზეც შეხვედრების დროს გვისაუბრია, ეტაპობრივად და, რაც მთავარია, ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობით ნელ-ნელა ვაგვარებთ. ნასაკირალის ამბულატორიასთან დაკავშირებით მჭიდროდ ვთანამშრომლობ გურიის გუბერნატორთან და აუცილებელი იქნება ოზურგეთის მერის ჩართულობა. ვგეგმავ ოზურგეთის მერთან შეხვედრას და არამარტო ნასაკირალის, არამედ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმ 6 სოფლის პრობლემებზე მსჯელობას, რომლებიც ლანჩხუთი-ჩოხატაურის სამაჟორიტარო ოლქში შედის და რომელთა საკითხების განხილვაც, სამწუხაროდ, სისტემატიურ რეჟიმში ვერ ხერხდება“, _ ამბობს ნინო წილოსანი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მოსახლეობის მომართვა თუ იქნება, ადგილობრივ მთავრობას შეუძლია ცენტრალურ მთავრობასთან ერთად თანადაფინანსებაში მიიღოს მონაწილეობა და ამბულატორიის რეაბილიტაცია განახორციელოს.