წელს, გურიაში, ციტრუსოვანთა კრეფის სეზონს , გამორჩეულად საუცხოო ამინდი უსახსოვრა დედაბუნებამ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯუმათი, დეკემბრის გაზაფხულობას განსაკუთრებით იხდენს. ახალი და ძველი გზების ერთობლიობა, დაუკრეფავი და დაკრეფილი ციტრუსოვანთა ბაღების რიდი და ეშხი, ზამთრის თვეში დათესილი მწვანილეულის გაზაფხულისეული ჟუჟუნი, ჭირის შიშით, საკალანდედ სადგომში გამომწყვდეული „ნაზარდას“ დამფრთხალი მზერა და ჭარმაგი მოხუცი გურულის ალალი გამოძახილი: მობრძანდით, ვერ გიცანით, მაგრამ სტუმარი ახლა მიხარია, შინ რომ ვზივარ უმეტესად და გარეთ სიარულს მუხლები მიკრძალავსო…
ამ ყველაფრის ფონზე, უჩვეულო რელიეფით მდიდარ გარემოს მზე გულმკერდში უძვრება, ბუნებისა და ადამიანის სიამტკბილობა სივრცეში გამოაქვს და ლაჟვარდი – „ცაფერი“ , მეტად სამოთხისეული ხდება.
კი, გადაჭარბების გარეშე, დეკემბერი ღვთიური ძალით გაზაფხულობს გურიაში და შთააგონებს ადამიანს, რომ სამშობლო-სამოთხის მქონეა და მის მოვლა-პატრონობაში მზეზე ნაკლებ არ უნდა ზრუნავდეს!