მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს, დღის წესრიგში სუს-ში მისი შემცვლელის ვინაობა დადგა.
როგორც გვითხრეს, ჯერ, ამ თემაზე, არც უმრავლესობას უმსჯელია და არც “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს.
თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომ სუს-ის უფროსის თანამდებობას გომელაურის მოადგილე, გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებს.
ჩვენი წყარო ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტმა სუს-ის უფროსად ლილუაშვილი დაამტკიცა, ეს დიდხანს არ გასტანს, რადგან მმართველ გუნდში აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუერთდეს.
ჩვენი წყაროს თქმით, ამ საკითხს მმართველ პარტიაში ბევრი ლობისტი ჰყავს და მათ შორის არის გიორგი გახარიაც, რომელიც, როგორც გვითხრეს, დიდი ხანია მიიჩნევს, რომ სუს-ის შსს-ს შემადგენლობაში უკეთ იმუშავებს.
ამ თემაზე ოფიციალური კომენტარები ჯერ არ კეთდება, თუმცა, ჩვენი წყარო ამბობს, რომ საკითხზე მსჯელობა ოქტომბერში დაიწყება.