აგრარული ბაზრით მოსარგებლე მოსახლეობას დღეს დილით საკოლმეურნეო ბაზრის შესასვლელი დაკეტილი დახვდა.
ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, აგრარული ბაზარი დაეხურა. ამ ფაქტმა მყიდველებზე მეტად ბაზრის ტერიტორიაზე განთავსებული მაღაზიების მეპატრონეები გააღიზიანა.
,,გავეფრთხილებინეთ მაინც, პარასკევს პროდუქტის ახალ პარტიას აღარ მივიღებდით, რა უნდა ვქნათ ახლა. გვეუბნებიან 21 აპრილამდე დაკეტილები უნდა იყოთო, მანამდე მალფუჭადი პროდუქტები ხომ გაგვიფუჭდება და დავიქცევით”, _ “გურია ნიუსთან” სამტრედიის აგრარული ბაზარის ტერიტორიაზე განთავსებული 10-ვე მაღაზიის მეპატრონის სათქმელს ამბობდა ამირან რამიშვილი.
,,გურია ნიუსს” საწინააღმდეგო უთხრა მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში. თანგო ცაგურიას განმარტებით, ყველა მაღაზიის მეპატრონე მათ გუშინ გააფრთხილეს:
,,ყველა მათგანს გუშინვე მივეცით გაფრთხილება. ჰქონდათ საშუალება, გუშინ და დღეს მაღაზიებიდან გაეტანათ მალფუჭადი პროდუქტები.
ამას ხელისუფლება ისევ ხალხის საკეთილდღეოდ აკეთებს, რომ არ მივიღოთ მარნეულისა და ჩვენი მეზობელი მუნიციპალიტეტების მაგალითები”.
სამტრედიაში აგრარული ბაზრის დახურვას მოსახლეობის დიდი ნაწილი გაგებით შეხვდა.