სამტრედიის პირველი საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე, ივანე მახარაძე გეოგრაფიის საგნობრივი ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულია. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სამტრედიელ მოსწავლეს ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო შედეგი აქვს.
ივანე მახარაძემ უმაღლესი,40 ქულიდან 39 ქულა მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა საქართველოს მასშტაბით.
,,გურია ნიუსი” დაუკავშირდა ივანე მახარაძეს და წარმატება მიულოცა.
ცეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება. მისი ორგანიზატორია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. ოლიმპიადის პირველი ტური ელქტრონული სისტემით იმართება, აპლიკანტი კომპიუტერთან გასცემს პასუხს 40 შეკითხვას, მეორე ტურში ანუ ნახევარფინალში გადადის საუკეთესო 1000 მოსწავლე.
“სამტრედიის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე ვარ, წელს მონაწილეობა მივიღე ხუთ საგანში და ხუთივე მათგანში გადავედი ნახევარფინალში. ეს საგნებია: ქართული ენა, ინგლისური ენა, რუსული ენა, გეოგრაფია და ისტორია. ნახევარფინალიდან ფინალში გასვლა ძალიან რთულია, რადგან მოსწავლე 50 საუკეთესო მოსწავლეში უნდა მოხვდეს ქვეყნის მასშტაბით. მე ისტორიისა და გეოგრაფიის ფინალში მივიღებ მონაწილეობას. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყო ის არის, რომ გეოგრაფიაში პირველ ადგილზე ვარ საქართველოს მასშტაბით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამტრედიელმა საუკეთესო შედეგი აჩვენა. რაც შეეხება ისტორიას, ამ საგანში მე-5 ადგილზე ვარ და ვაგრძელებ ფინალში ასპარეზობას. ძალიან ემოციური და საამაყოა ასევე, ის ფაქტი, რომ ჩემი შედეგის გამო სამტრედიის პირველი სკოლა, ნახევარფინალის გამარჯვებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა შორის მოხვდა. შეფასების ცენტრი შემოდგომაზე აჯილდოვებს ნახევარფინალისა და ფინალის გამარჯვებულებს. ფინალი გაიმართება საგაზაფხულო არდადეგებზე, დედაქალაქში, აგრარულ უნივერსიტეტში,”_ გვითხრა ივანე მახარაძემ.
პირველი საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლემ სულ ახლახანს კიდევ ერთი წარმატებული გამოცდა ჩააბარა და ოჯახთან ერთად მშობლიური სკოლაც ასახელა:კემბირჯის ინგლისური ენის გამოცდა რამდენჯრმე ტარდება წელიწადის განმავლობაში. აღნიშნული უნივერსიტეტი ინგლისური ენის ცოდნის დონის შესაფასებელ გამოცდას მსოფლიოს მასშტაბით ატარებს, მათ შორის საქართველოში, გამოცდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ტარდება. აპლიკანტი ფასდება 4 სხვადასხვა უნარში: წერა, კითხვა, მოსმენა და საუბარი. საქართველოში ეს გამოცდა სულ ასამდე ადამიანს აქვს ჩაბარებული. მათ შორის, წელს გამოცდა ჩააბარა სამტრედიის პირველი სკოლის მოსწავლემ, ივანე მახარაძემ.