საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირებას პანიკა მოჰყვა რეგიონებში.
სამტრედიის აფთიაქებში პირბადის შეძენის მსურველთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. თუმცა, სხვა მუნიციპიტეტებისაგან განსხვავებით პირბადეების მარაგი არ ამოწურულა.
ზოგიერთ აფთიაქში ფასები გაიზარდა, ნაწილში ძველი ფასია შენარჩუნებული.
,,პირბადეები გუშინაც იყიდებოდა, მაგრამ დღეს დილით ჩვენს აფთიაქში მომხმარებელთა რაოდენობა ძალიან გაზრდილია. განსაკუთრებით, ნიღბებზე, სპირტებზე, წყალბადის ზეჟანგზე, ანტიბაქტერიულ ხსნარებზე, ანტიბაქტერიულ სველ ხელსახოცებზე. ჩვენთან შენარჩუნებულია ძველი ფასი-0,18 თეთრი ერთი პირბადის ღირებულება. მართალია, დღეს დილით 2000 ცალი პირბადე გაიყიდა, ჯერჯერობით მარაგი გვაქვს”,_ ამბობს „გურია ნიუსთან” ნატალია თვალავაძე, შპს ,,ავერსი ფარმას” სამტრედია №2 აფთიაქის მენეჯერი.
ძველი ფასია შენარჩუნებული ჯპს-შიც. იმპექსში გუშინ სამტრედიელ მომხმარებელს თუ 95 თეთრად შეეძლო, შეეძინა ერთი პირბადე, დღეს 1 ლარი და 40 თეთრი გახდა.
მართალია, მოსახლეობა აფთიაქებს პირბადეების შესაძენად დილიდანვე მიაწყდა, სამტრედიელები გარეგნულად სიმშვიდეს ინარჩუნებენ. უმრავლესობა თვლის, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების სერიოზული პანიკის საფუძველი არ არსებობს.