კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, მოსახლეობის უკმაყოფილება, ძირითადად, საკვებ პროდუქტებზე ფასების მატებას უკავშირდება _ მუდმივ რეჟიმში ისმის შიშით გაჯერებული კითხვა, რატომ მერყეობს ზრდისკენ პურის ფქვილის ფასი. რას ემყარება, კერძოდ, ოზურგეთის მაღაზიებში ჯერ ერთ ტომარა ფქვილის ფასის, სულ ცოტა, 5 ლარით ზრდა, მერე ისევ დაკლება და კვლავ მომატება.
_ ორ დღეში სამჯერ შეიცვალა ფასი. ხომ უნდა ვიცოდეთ, ერთი 25-კილოგამიანი ტომარა, ერთი და იმავე ხარისხის, 27 ლარი ღირს, 28 თუ 33 ლარი? _ გვეკითხებოდნენ რიგითი ადამიანები, რომლებიც დაჟინებით ითხოვდნენ პასუხს, რამ გამოიწვია პურის ფქვილზე ფასის ერთბაშად მომატება, მერე ნაწილობრივ დაკლება მოკლე დროში.
_ ახლა, ვირუსმა რომ შემოგვიტია და ააყირავა ყველაფერი, ამავე დროს, გაზაფხულია, რომელსაც ხალხი “მშიერ პერიოდს” ეძახის და თავის გატანა ჭირს, ხომ შეიძლება, ყველაზე ძალიან პურის ფქვილის ფასის სტაბილურობაზე იფიქრონ?! მით უფრო, რომ ხელისუფლება ამ მხრივ მზრუნველობას გვპირდება. მაშინ, რა ხდება? _ ამ კითხვებს გამუდმებით სვამენ რიგითი მოქალაქეები.
26 მარტს, ოზურგეთის სხვადასხვა სავაჭრო ცენტრსა თუ მაღაზიაში, სადაც პურის ფქვილი იყიდება, 25 კილოგრამის ოდენობის ერთი ტომარა ფქვილი 33 ლარი ღირდა. სხვადასხვა სოფლების მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ კერძო პირებს, კერძო მიკროავტობუსებით, ოჯახში მიტანით, ასეთივე წონის ფქვილი 34-35 ლარად მიაქვთ.
გაურკვევლობა და ხალხის გაღიზიანება უფრო იმ მიზეზით წარმოიშვა, რომ ოზურგეთში, წისქვილკომბინატ “გულისტანის” წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ამ დროისთვის არც ერთი ტომარა პურის ფქვილი არ ჰქონდათ მომატებული ფასით გაცემული.
_ არ მოუმატებიათ და ჩვენ სიზმარი ვნახეთ?! როგორ გაბედავს ადგილზე გამყიდველი 25-კილოგრამიან ტომარას ხუთი ლარი და 50 კილოგრამიანს 10 ან 11 ლარი დაამატოს?! ვინ გაგვაჩერებს აქ?! ჩვენ ლარნახევარს თუ ვამატებთ, საბითუმო მაღაზიები ხომ არ ვართ? იკითხეთ, კარგად, რა მოხდა! თავად უნდოდათ ამდენის მომატება. გადაირია ხალხი და იკადრეს ცოტა უკან დახევა. თუმცა, ვეჭვობთ, ისევ არ აუწიონ, _ გვითხრეს იმ სასურსათო მაღაზიებში მოვაჭრეებმა, სადაც პურის ფქვილს, როგორც ტომრებით, ასევე, მცირე წონით დაფასოებულსაც ყიდიან.
27 მარტს, ოზურგეთში პურის ფქვილის ფასი შედარებით დასტაბილურდა და ყველა დასახელების 25-კილოგრამიანი ტომარა 30 ლარი ღირდა, ხოლო ქატოს ფასი, როგორც ადგილზე გვითხრეს, არ შეცვლილა ან 50-თეთრიანი ცვლილებით ფიქსირება.
_ პურის ფქვილის ფასი ახლა 2 ლარით გაიზარდა. ამას წინათ შემაშინებელი ფასები გამოჩნდა, რასაც მოსახლეობის გულისწყრომა მოჰყვა. ადამიანები ისეც შეშინებული არიან და გაჭირვებას რომ შიში დაემატება, როგორია? ეს ორლარიანი მატებაც მტკივნეულია მათთვის. ასე მაინც რომ დარჩებოდეს და კიდევ არ ასწევდნენ ფასს, რაღაცას გაჭირვებით შეძლებს ხალხი, _ გვითხრეს ცენტრალური ავტოსადგურის ტერიტორიის მიმდებარე მაღაზიების გამყიდველებმა: ირმა სალუქვაძემ, მაია სპარსელაშვილმა, ინდმეწარმე “მარინა ჯიჯიეშვილის” წარმომადგენელმა. აქაც, ისევე, როგორც თაყაიშვილის ქუჩაზე განლაგებულ მაღაზიებში, ამ დროისთვის (27 მარტი) პურის ფქვილის ფასი ყველგან ერთნაირი იყო: 25-კილოგრამიანი 30 ლარად ყიდდნენ, 50 კილოგრამიანს _ 55 ლარად.
_ ბათუმიდანაც ასეთი ფასით მივიღეთ პურის ფქვილი. “ბარაქა”, “ჯეჯილი” თუ სხვა, ამ დროისთვის ერთნაირი ფასით იყიდება და ეს ჩვენც გვიხარია. ვიღაც, ეტყობა, ჩაერთო საქმეში და თუ სახელმწიფო ასე მიუდგება პურის ფქვილის ფასის საკითხს, უკეთესი დახმარება ჩვენთვის, ამ ეტაპზე, არაფერია. ხალხი სოფლიდან ჩამოდის და პირველ რიგში, პურის ფქვილისკენ გარბიან. ნისიად მიაქვთ, ხელს ვუწყობთ. ახლა სიმინდიც შემოლეულია და როგორმე, პირველ რიგში, პურის ფქვილის ფასმა არ უნდა მოიმატოს, მნიშვნელოვნად მაინც, ყოველ წუთს ამაზე წუხან, _ გვითხრა მაია სპარსელაშვილმა.
“გურია ნიუსი” წისქვილკომბინატ “გულისტანის” მენეჯერს მარინა ჩხაიძეს ისევ დაუკავშირდა.
კითხვაზე _ რამ გამოიწვია ფქვილის ფასის ორ დღეში სამჯერ ცვლილება და რამდენად საიმედოა დღეს არსებული ფასი, რაზეც ხალხი მუდმივ რეჟიმში ითხოვს პასუხს, ჩხაიძემ ასეთი კომენტარი გააკეთა:
_ ამას წინათ გითხარით, რომ ჩვენ რამდენიმე დღე შეჩერებული გვქონდა წარმოება და მომატებული ფასით არ გაგვიშვია არც ერთი ტომარა. დღეს (საუბარი შედგა 27 მარტს) არსებული ფასით, როგორც ნახეთ, მცირედით მომატება მოხდა, 2-3 ლარის ფარგლებში. ეს გამოიწვია დოლარის კურსის შეცვლამ და იძულებული გავხდით, ფასი გაგვეზარდა, რადგან აიწია ხორბლის ფასმაც, საწარმო კი წაგებაზე ხომ ვერ იმუშავებს?! ბიზნესი ასე არ არის. მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ არ მომხდარიყო ცვლილება. ახლა გეტყვით კარგ ამბავს _ უახლოეს დღეებში ჩვენ ჩავერთვებით სუბსიდირების პროგრამაში და სახელმწიფო დაგვიფინანსებს იმ თანხას, რა თანხითაც, დოლარის კურსის მატების გამო უნდა გაგვეზარდა ფასი. ამის შემდეგ, ეს ცოტათი მომატებული ფასიც დაიწევს. მანამდე კი, სანამ ამ პროგრამაში ჩავერთვებით, ასე ორი კვირის განმავლობაში, იძულებული ვართ, ამ მომატებული ფასით ვიმუშაოთ, _ გვითხრა მარინა ჩხაიძემ.
იმედია, დანაპირები შესრულდება და მოსახლეობას, რომელიც პურის ფქვილის ფასის ცვლილებაზე მწვავედ რეაგირებს, სიმშვიდის საფუძველი ექნება.