საკანონმდებლო ორგანოში ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრამდე რამდენიმე საათი რჩება. პარტიები „მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები“ კვლავ აცხადებენ, რომ განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებენ.
„ამ მთავრობას მხარს პირველ რიგში, ღარიბაშვილის კანდიდატურის გამო არ დავუჭერთ. დღეს, ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა ორ ბანაკადაა გაყოფილი და ამ დაპირისპირებულ ბანაკებს შორის, ეს ქვეყანა იგლიჯება, „ქართულ ოცნებას“ უნდა წარმოედგინა ისეთი კანდიდატი და პოლიტიკოსი, რომელიც შეძლებდა კომპრომისებზე წასვლას. რიტორიკა, რომელსაც ახლა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით, ბატონი ღარიბაშვილისგან ვისმენთ, არის სახიფათო“, – აცხადებს „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
„ევროპელი სოციალისტები“ აცხადებენ, რომ რომ არა გუნდური მხარდაჭერა, არაა გამორიცხული, რომ მინისტრობის რამდენიმე კანდიდატისთვის მხარი დაეჭირათ, რადგან რამდენიმე კანდიდატმა, საკომიტეტო განხილვებზე, კითხვებს სრულად და ამომწურავად უპასუხა.
„როდესაც ხელისუფლება არა სიტყვებით, არამედ ფაქტებით დაადასტურებს, რომ მხარადასაჭერია, დადგება მომენტი და მხარდაჭერას გამოვუცხადებთ. მხოლოდ დაპირების გამო, მხარის დაჭერა სწორი არ იქნება. იმედი მაქვს, რომ ისინი გაამართლებენ ქართველი ხალხის ნდობას და ამის შემდეგ – კი, ბატონო“, – ამბობს ევროპელი სოციალისტების“ წევრი დავით ზილფიმიანი.
დღეს პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უყრის კენჭს. როგორც უკვე ცნობილია, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ორი ახალი სახე იქნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს, თავდაცვის უწყებას კი ჯუანშერ ბურჭულაძე ჩაიბარებს.