საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი დეპუტატებს 100 დღის მუშაობის შედეგს აცნობს. მისი თქმით, საპენსიო რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს და დაგროვებითი პენსიის პროექტის დაწყებიდან დღემდე ფონდში უკვე 175 მილიონი ლარია შესული. სურგულაძე ამბობს, რომ საპენსიო ფონდიდან გასვლის მოთხოვნით სააგენტოს მხოლოდ 2900 ადამიანმა მიმართა.
„747 774 ადამიანია სულ სქემაში გაწევრიანებული. საჯარო სექტორიდან ამჟამად გაწევრიანებულია 187 472 ადამიანი, კერძო სექტორიდან გაწევრიანებულია 581 439 ადამიანი, ხოლო ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ორივე სექტორში მათი რაოდენობა არის 21 137 ადამიანი. უნიკალურ მონაწილეებში ეს რიცხვიც შედის“,- აღნიშნა სურგულაძემ.
მისივე ინფორმაციით, იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც შეიძლება მოუნდეთ სქემიდან გასვლა არის 294 852 ადამიანი.
„სულ იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც შეიძლება გაუჩნდეთ სისტემიდან გასვლის უფლება არის 294 852 მონაწილე. აქედან კერძო სექტორში არის 228 006 მონაწილე, საჯარო სექტორიდან რჩება -78 047 ადამიანი, ხოლო ორივეში მომუშავე არის 11 201 ადამიანი“,- აღნიშნა სურგულაძემ.
საპენსიო სააგენტოს დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2 915-მა ადამიანმა დატოვა.
„ამ ეტაპზე სულ გასული ადამიანების უნიკალური რაოდენობა გახლავთ 2915 ადამიანი, აქედან კერძო სექტორიდან გასული ადამიანების რიცხვი არის 433, საჯარო სექტორიდან არის 2 712 და ორივეში ერთად მომუშავეების არის 230 ადამიანი“, – განაცხადა სურგულაძემ.