„სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა საქართველოსთვის სირცხვილია. ეს იქნება ქართველი ხალხის სამარცხვინო გადაწყვეტილება“, _განაცხადა „გურია ნიუსთან“ საუბრისას „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, „საქართველოს ასეთი სამარცხვინო ხელისუფლება ჯერ არ ჰყოლია. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, ფაქტობრივად, ხელისუფლების უკანასკნელი გაბრძოლებაა“,_აღნიშნა ბერძენიშვილმა.
_ბატონო ლევან, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, პირველი ტურთან შედარებით, ამომრჩეველთა რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია. როგორ ფიქრობთ, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო უბნებზე პარტიის ამომრჩევლთა მობილიზება მოახერხა, რაც მათივე მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შედეგებზე დადებითად აისახება?
_ არჩევნების დასრულებამდე აღნიშნულის შესახებ ვერ ვისაუბრებ. ჯერჯერობით, არ ვიცი, ადამიანებმა, რომლებიც არჩევნებზე მივიდნენ, რომელ კანდიდატს მისცეს ხმა. დაველოდოთ არჩევნების დასრულებას.
_ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, რას გეგმავს გაერთიანებული ოპოზიცია?
_ მოვითმინოთ და გეტყვით, რა იქნება ჩვენი პასუხი. სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა საქართველოსთვის სირცხვილია. ეს იქნება ქართველი ხალხის სამარცხვინო გადაწყვეტილება. ზურაბიშვილი კანდიდატია, რომელსაც ხალხთან არ უსაუბრია და არ ესაუბრება ჟურნალისტებს. გაუნათლებელია, შეკრულია რუსეთის ძალებთან, ირმა ინაშვილთან და „ქართულ მარშთან“ არის ჩახუტებული, რაც სირცხვილია.
_ არასამთავრობო სექტორის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. როგორ ფიქრობთ, ამ დრომდე გამოვლენილი დარღვევები, ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას?
_ დიახ, ყველაფერი, რაც აქამდე მოხდა, გავლენას მოახდენს საბოლოო შედეგებზე. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა წესი დაარღვია. არანაირი დემოკრატიული არჩევნები ქვეყანაში არ ტარდება. ეს არის ხმების მოტაცება. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცუდი არჩევნებია. შევარდნაძის წინ რომ იყო არჩევნები, ისიც კი არ იყო ასეთი.
საქართველოს ასეთი სამარცხვინო ხელისუფლება ჯერ არ ჰყოლია. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, ფაქტობრივად, ხელისუფლების უკანასკნელი გაბრძოლებაა. „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ 2020 წლის არჩევნები პირწმინდად წააგოს.