ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია-ნატანების ცენტრალური გზა რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გადაკეტილი. აქ მცხოვრებლებმა მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებას კიდევ ერთხელ შეუშალეს ხელი. მსგავსი საპროტესტო აქცია ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმეჯერ გაიმართა.
როგორც მერიის მოსახლეობა ამბობს, დაანონსებული ინფორმაცია, რომ მერია-ნატანების ცენტრალური გზის მშენებლობა დაიწყო, ტყუილია. მათივე თქმით, ტრაქტორს, რომელსაც აღნიშნულ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეესრულებინა, რაღაც ნაწილი გაუფუჭდა, რომლის გაკეთებაც ორი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
მოსახლეობის მიერ ორგანიზებულ აქციას ხმაურისა და დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟები, აქციას მალე შეუერთდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე.
მოსახლეობასა და გამგებელს შორის ხმამაღალი საუბარი რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.
“24 საათის განმავლობაში ვიქნებით, არ დავიშლებით, უნამუსოდ გვექცევიან, გვწამლავენ, თავად მილიონებს იდებენ ჯიბეში, ბავშვებს გარეთ ვერ ვუშვებთ, მტვერია, ნაგავია, გვეწამლებიან პატარები, ისედაც თითქმის ყველა ოჯახში ავადმყოფი ცხოვრობს. დაიწყეს ვითომ გზის სარემონტო სამუშაოები, ისევ მიატოვეს. ნახეთ, როგორაა დაწყებული _ მოხრეშილი გზა ისევ ორმოებით არის სავსე. ამ მოხრეშილ გზაზე რომ ისევ ეს დიდი მანქანები გაივლის ყოველ 2 წუთში, მთელი ღამის განმავლობაში, ეს ივარგებს? ვის უბრმავებენ თვალებს? ახლა შეჩერებულია, ორი თვე არ იქნება, რაღაც ნაწილი გაუფუჭდა ტრაქტორსო. ადამიანების ასე აგდება შეიძლება ან არის გაფუჭებული ან არა, გვატყუებენ, წყალს ვერ ვსვამთ, ვერ ვიძინებთ, მწვანილს ვერ ვკრეფთ ბოსტანში, ისეთი მტვერია. გვპირდებიან დღეს, ხვალ, ზეგ, მასზეგ… მორწყონ მაინც ყოველ დღე როგორც უნდათ. იარონ ალტერნატიული გზით, დღეში სამ-ოთხჯერ მორწყონ. გახედეთ ხეებს თუ იცნოთ, ამის გაძლება აღარ შეიძლება. რამდენი თვეა, რამდენი კვირაა, რომ გვპირდებიან, რომ დააგებდნენ, ვიხრჩობით, მოგეშველეთ ვინმემ“, _ ამბობდნენ თეიმურაზ ქარცივაძე, იური ხომერიკი, შაკო გობრონიძე, გულადი მელაძე, ნაილი შაინიძე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ გზის მშენებლობა რამდენიმე დღეში აუცილებლად განახლდებოდა:
“დაწყებულია გზის მშენებლობა, იმ კვირიდან დაიწყება ასფალტის საფარის დაგება. ძალიან კარგად მესმის თქვენი. თქვენც მომისმინეთ, დამასრულებინეთ, ძალიან გთხოვთ, გეტყვით _ ხომ უნდა დაიწყოს მოსამზადებელი სამუშაოები, ვერ მოერევა ვერანაირი ტექნიკა, რომ გზა სამ-ოთხჯერ მოირწყოს, გამორიცხულია. თქვენ ვეღარ გააგრძელებთ აქციას, გამორიცხულია!
აქციაზე შეკრებილები გამგებელს სთხოვდნენ, რომ დაეთვალიერებინა მათი სახლები და ეზოები და თავისი თვალით ენახა, თუ რა მდგომარეობაში ცხოვრობენ ისინი:
“წამოდით და ერთი დღით დარჩით ჩვენთან ერთად. აქ გაათიეთ ღამე, იცხოვრეთ ერთი დღე ჩვენი ცხოვრებით და ნახავთ, რა მდგომარეობაშია ჩვენი ოჯახები. არ გავჩერდებით, არ დავიშლებით, ასჯერ მოგვატყუეთ, სახლები დაბზარულია, ტრაქტორები თხრილს წმენდნენ ამორჩევით, იმის გამო, რომ “ნაციონალები “არიან აქო, არჩევენ ოჯახებს, ტრაქტორისტი მოვიდა და გვითხრა, თქვენ ვერ გაგიწმენდთ არხს, “ნაციონალები“ ხართო და რატომ უნდა გავჩერდეთ? “
მერაბ ჭანუყვაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ დაშლილიყვნენ, რადგან გზის მშენებლობა რამდენიმე დღეში უცილებლად განახლდებოდა:
“მომისმინეთ, მოდით დავწყნარდეთ, მე თქვენი ასაკის დედა მყავს. ღმერთმა დამიფაროს, ვინმეს რაიმე ზედმეტი ვუთხრა. რასაც დაგპირდებით, ავასრულებთ, რამდენიმე დღეში აუცილებლად დაიწყება გზის მშენებლობა. რაღაც ხდება ისეთი, რომ უნდა გავუგოთ ერთმანეთს. ჩამოდის წარმომადგენელი და განახლდება იმ კვირიდან, ყველაზე მალე ვისაც უნდა, რომ დამთავრდეს ეს ამბავი, ვართ ჩვენ, გავდივართ ალტერნატიულ გზასაც და ადამიანურად გთხოვთ, გამიგეთ და პირობას გაძლევთ, მალე დაიწყება. შეიძლება აქედან აღარ იმოძრაონ მანქანებმა“.
აქცია რამდენიმე საათში დაიშალა, იმ პირობით, რომ გზის მშენებლობა ორშაბათიდან განახლდებოდა.