GDI-იმ 2020 წელს საქართველოს სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შეჯამება და სასამართლოსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების მიმოხილვის შესახებ ანგარიში წარმოადგინა.
დოკუმენტში განხილულია გასულ წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, საერთო სასამართლოებსა და საკონსტიტუციო სასამართლოში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევასთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის შერჩევის წესთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ამ წესში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები. ანგარიშში ასევე, მიმოხილულია კოვიდპანდემიის პირობებში სასამართლოების ფუნქციონირების საკითხი და მათ მიერ განხილული გახმაურებული საქმეები.
„2020 წელს საერთო სასამართლოების სისტემაში არსებულმა მოსამართლეთა გავლენიანმა ჯგუფმა ე.წ. „კლანმა” საერთო სასამართლოების სისტემაში მნიშვნელოვანი სტრატეგიული თანამდებობების დაკავება და მათზე ლოიალური მოსამართლეების გამწესება შეძლო. „კლანმა” ასევე მოახერხა თავისი გავლენების გამყარება საქართველოს უზენაეს სასამართლოზე, სადაც ამჟამად თავმჯდომარეთა თანამდებობები სწორედ „კლანთან” ან მმართველ პოლიტიკურ ძალასთან დაახლოვებულ პირებს უკავიათ, რაც თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობას გამორიცხავს და მნიშვნელოვნად ამცირებს სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობას.
გარდა ამისა, 2020 წელს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან დაახლოებული 2 წევრის დანიშვნის შედეგად „კლანმა” თავისი ძალაუფლების გავრცელება შეძლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოზეც. აღნიშნული ნათლად გამოჩნდა ამ უკანასკნელის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით, რომლითაც მან არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მკაცრად გაკრიტიკებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესი კონსტიტუციურად ცნო. შედეგად ამ სასამართლოს მიმართ ნდობას, რომელიც წლების განმავლობაში საზოგადოების შედარებით მაღალი „რეპუტაციით” სარგებლობდა, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.
2020 წელს სასამართლო სისტემისთვის ერთ-ერთ გამოწვევას კოვიდპანდემიის პირობებში სასამართლო სხდომების დისტანციური რეჟიმით ჩატარება წარმოადგენდა. ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მოტივით სხდომებზე დამკვირვებლების დაშვების არათანმიმედვრულმა პრაქტიკამ მართლმსაჯულების გამჭვირვალობის კუთხით კითხვის ნიშნები გააჩინა. პრაქტიკული მიმართულებით პრობლემები გამოიკვეთა სასამართლო პროცესების წარმართვის ნაწილში, განსაკუთრებით სისხლის სამართლის საქმეების მიმდინარეობისას, როდესაც პენიტენციური დაწესებულებებისა და სასამართლოს სხდომის დარბაზების არასაკმარისად აღჭურვის გამო, პროცესში დისტანციურად მონაწილე პირები მოკლებულნი იყვნენ კონფიდენციალური კომუნიკაციისა და პროცესის ფარგლებში გამოსაკვლევი/შესასწავლი მტკიცებულებებისა და დოკუმენტების სრულფასოვნად აღქმის შესაძლებლობას.
ანგარიშში განხილული სასამართლო დავები ამახვილებს ყურადღებას დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობაზე, რომელიც თავისუფალი იქნება ხელისუფლების პოლიტიკური გავლენებისაგან და გადაწყვეტილებას საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად მიიღებს, ყოველგვარი წინასწარი განწყობებისაგან დამოუკიდებლად“.