სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელებისთვის ტრენინგი „პენიტენციური დაწესებულების ეფექტიანი მართვა“ დაიწყო. ტრენინგი უწყების სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის – „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში 2“ ფარგლებში ტარდება. ღონისძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ანა ზეცი, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი და პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძე დაესწრნენ.
სასწავლო ცენტრში შემუშავებული პროგრამის მიხედვით, ტრენინგი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. სწავლების მიზანია პენიტენციური დაწესებულებების დირექტორებისა და მოადგილეების ინფორმირება დაწესებულებების მართვასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც მათი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს.
სწავლების პირველ ეტაპზე ტრენინგის მონაწილეები განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის პრევენცია პენიტენციურ სისტემაში. ასევე, პერსონალური მონაცემების დაცვა პენიტენციურ სისტემაში.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, სამინისტრო ევროსაბჭოსა და ევროკავშირთან ერთად ახორციელებს პროექტს „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა ციხეებსა და დახურული ტიპის დაწესებულებებში“.
„ექსპერტებისგან მოვისმენთ კვალიფიციურ მოსაზრებებსა და ანგარიშს. ვფიქრობ, აღნიშნული ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანია პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელებისთვის, რადგან მათ უშუალო შეხება აქვთ პატიმრებთან. მათ ყოველდღიურ საქმიანობაში უწევთ ერთის მხრივ ადამიანის უფლებების დაცვა, მეორეს მხრივ უსაფრთხოებისა და სარეჟიმო ნორმების შენარჩუნება, რათა ოქროს შუალედი არ დაირღვეს,“-განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.
ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ანა ზეცმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭო მოხარულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობის შესაძლებლობით.
„აღნიშნული ტრენინგი ევროსაბჭოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით ტარდება, რათა დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას პენიტენციური სისტემა მაქსიმალურად დაუახლოვდეს როგორც ევროპულ, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებს. აღნიშნული ტრენინგი მნიშვნელოვანია იმით, რომ პენიტენციური სისტემისთვის ეროვნული სამოქმედო სტრატეგია შემუშავდება. ასევე, გაუმჯობესდება პენიტენციური დაწესებულებების მმართველი რგოლების შესაძლებლობები,“-განაცხადა ანა ზეცმა.
პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ადამიანის უფლებათა დაცვა.
„ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ქვეყანას პირველად აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია და ამ სტრატეგიის ნაწილია ადამიანის უფლებები და სასჯელაღსრულების სისტემა. შეუძლებელია ეფექტიანი მართვის განხორციელება ადამიანის უფლებათა დაცვის გარეშე და იმ სტანდარტების გათვალისწინების გარეშე,რომელთაც მოიცავს სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, რომლის ნაწილიც არის საქართველო. ამის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფმა პირებმა დირექტორების სახით მიიღონ განახლებული ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებსა და მართვის სისტემაზე პენიტენციური დაწესებულებების, მეორეს მხრივ კი ვისაუბროთ პრაქტიკულ გამოწვევებზე, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად აწყდებიან,“-განაცხადა სოფიო ჯაფარიძემ.
პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელების გადამზადების მეორე ეტაპი მიმდინარე წლის ოქტომბერში გახორციელდება. (R)