დოლარის კურსის ზრდამ და შესაბამისად, ლარის გაუფასურებამ, საწვავზე ფასის ზრდაც გამოიწვია, რასაც მგზავრობის ღირებულების ზრდა მოჰყვა, ამან კი მძღოლებსა და მგზავრების შორის უკმაყოფილება, უკვე ლამის ჩხუბში გადაზარდოს.
ბოლო სამი-ოთხი დღის განმავლობაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზოგი სოფლის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა _ მაგალითად, ჭანიეთის მიმართულებით, სოფლის დასაწყისიდან ცენტრამდე, 50 თეთრის ნაცვლად, 60 თეთრი უნდა გადაიხადონ, ხოლო ამავე თემში შემავალ სოფელ ქაქუთის ბოლო წერტილამდე, 70 თეთრის ნაცვლად _ 80 თეთრი. თუმცა, ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგურში არ ადასტურებენ სოფლებში მგზავრობის ფასის ზრდას და გვეუბნებიან, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და მგზავრობის ღირებულების ზრდას მძღოლების თვითნებურ გადაწყვეტილებას მიაწერენ.
_ რა ვქნათ მძღოლებმა? საწვავი რომ “პატალოკზე” ავიდა, ვერ ხედავთ? ჩვენ ფასი ჯერ არ მოგვიმატებია, მაგრამ ასე არსებობა შეიძლება? სოფელ მერიამდე მგზავრობის ღირებულება 80 თეთრია და იმასაც ძლივს იხდის ხალხი. კიდევ რომ გავაძვირო, ვინ ჩაჯდება ჩემს “რაფში”?! ხალხი ქუჩაში დგება და ვიღაც გამვლელს ელოდება, რომ ქალაქამდე ჩაიყვანოს. გაუჭირდა ხალხს და სხვა გზა არ აქვს. ასეთი მდგომარეობა, კარგა ხანია, არ ყოფილა. ცოტა იმედს ვიტოვებ, რომ მდგომარეობა გამოსწორდება და ლარის გაუფასურება შეჩერდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდ გაჭირვებას უნდა ველოდოთ, _ გვეუბნება სოფელ მერიის მიმართულებით მოძრავი სარეისო მიკროავტობუსის მძღოლი დიმიტრი ღაჟონია.
_ ფასებს რომ ეძებთ და კითხულობთ, იმათ მოკითხეთ, ვინც საწვავის ფასი ასე გაზარდა. მთავრობამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ხალხს არ უჭირდეს გადაადგილება და 21-ე საუკუნეში ურემი არ ინატროს. რას ჰგავს ეს, რა დღეშია ხალხი, ხელისუფლება ვერ ხედავს?! გეგონება, ვიღაცა ნელ-ნელა თოკს გვიჭერს ყელში, რომ უცებ არ წაგახრჩონ და ისე გაგგუდონ.
არ ველოდით ცხოვრების ასე უკან წასვლას. ახლა მთავრობა 20 ივნისის მიტინგს იმიზეზებს. ჩვენ არც ოპოზიციის და არც პოზიციის მიმდევრები არ ვართ. ადამიანები ვართ და საშუალოდ მაინც უნდა მოგვემსახურონ. ასეთი ამბავი 20 ივნისის მიტინგის გამოა? შესაძლოა, ნაწილობრივ იყოს მიზეზი, მაგრამ ასეთ ამბავი? ძველი ხალხი ამბობს, სტალინი არ უჭირვებდა ხალხს პურის და საწვავის ფასის მატებით გაგანია ომის დროსო და ახლა ყველაფრის ფასი მაინცდამაინც ზევით მიდის. ჩვენ კი მივდივართ უკან, _ გვეუბნებიან ავტოსადგურში მომლოდინე მგზავრები: ნუნუკა სიხარულიძე, ნათელა პატარაია, მზია ერგემლიძე და მაყვალა ცხომელიძე.
6 აგვისტოდან, ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება 20 ლარი გახდა. დღემდე არსებული მგზავრობის ღირებულების ფასს, 15 ლარს, ხუთი ლარი დაემატა. ამბობენ იმასაც, რომ თანდათან დიდი ქალაქების _ ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებითაც გაძვირდება მგზავრობა.
თუმცა, ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგურში გვეუბნებიან, რომ, ჯერჯერობით, მგზავრობის ღირებულება მხოლოდ თბილისის მიმართულებით გაძვირდა და ეს მოხდა მძღოლების ერთობლივი განცხადებით შემოსვლის შემდეგ.
_ თბილისის რეისის მძღოლებმა მოგვმართეს. მათ განაცხადეს, რომ საწვავის ფასის ზრდის გამო, რასაც თან ახლავს სერვისის მთლიანად გაძვირება, იძულებულნი არიან, მგზავრობის ღირებულებას მოუმატონ. სერვისი, საბურავიდან დაწყებული, გაძვირებულია. საქართველოში რომელიმე ნაწილი მზადდება თუ რა? უნდა შემოიტანონ. ძალიან რთული ვითარებაა. ან უნდა მოუმატონ ფასს ან უნდა გაჩერდნენ. ამიტომ გაჩერებას ასე ვამჯობინეთ, დავთანხმებულიყავით მძღოლების წინადადებას, _ გვეუბნება ავტოსადგურის დირექტორი შალვა ორაგველიძე.
კითხვაზე _ გაიზრდება თუ არა მგზავრობის ფასი ქუთაისამდე, დირექტორის მოადგილემ თამაზ კალანდაძემ გვითხრა, რომ აღნიშნულის თაობაზე ჯერ არ შემოსულა ქუთაისის მიმართულებით მოძრავი მძღოლების განცხადება:
_ როგორც ვიცი, ისინიც აგროვებენ ხელმოწერებს და როცა შემოვა, შემდეგ გადავწყვეტთ, ცუდი მდგომარეობაა. ეს არ არის ჩვენი ჭირვეულობა, ჩვენი “კაპრიზი”. არავის სიამოვნებს, როცა ირგვლივ ყველა წუხს, ყველა გეჩხუბება, თითქოს, შენი ბრალი იყოს და დედამიწის საჭეს აბრუნებდე, _ გვითხრა მან.
საუბარში ოზურგეთი-თბილისის რეისის ავტობუსის მძღოლი ანზორ ბზეკალავა გვერთვება:
_ ძალიან ვეცადეთ, მაგრამ საწვავის ფასს ვერ დავეწიეთ. 350 კმ მანძილის 20 ლარად გადალახვა ძვირი არანაირად არ უნდა იყოს. მით უფრო, როცა სერვისი მთლიანად გაძვირდა. სამასი ლარის ზეთი რომ მჭირდებოდა, 450 ლარი გახდა და კარგად არც ეს მყოფნის. ექვს ცალ საბურავს უკვე ექვსი ათასი ლარი უნდა. ნაწილებს ნუ იკითხავ. ყველაფერი გაძვირებულია. რეისის გაჩერება შეიძლება? ამიტომ მოვუმატეთ. იძულებითი ნაბიჯია, _ ამბობს ის.
ოზურგეთიდან ფოთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლი ანზორ დავლიანიძე ამბობს, რომ არის შემთხვევები, როცა არსებული ტარიფითაც ვერ იხდიან მგზავრები საფასურს:
_ ოთხი ლარი ღირს ფოთამდე მგზავრობა. ამ ფასსაც თუ მოვუმატე, ვინ შემოვა ტრანსპორტში _ რაც ღირს, იმას ვერ ხდიან. ხან ისეთი მგზავრები მიმყავს, სულ ვერ იხდიან, ან გთხოვენ, მხოლოდ ნახევარ ფასად წაიყვანო. რაიმეს ახალს ვამბობ? ამ გასაჭირს მთავრობამ უნდა მიხედოს, _ თქვა მან.
_ რაც შეეხება სოფლების მიმართულებით მგზავრობის ფასის ზრდას, ჯერ არსად მომატებულა და თუ ვინმე საკუთარი სურვილით წყვეტს, ვერ გეტყვით, _ გვითხრეს ავტოსადგურში. ხოლო შალვა ორაგველიძემ საგანგებოდ განმარტა, რომ თუ ვინმე ფასს მასთან შეთანხმების და განცხადების შემოტანის გარეშე უმატებს, ამისთვის ზომებს მიიღებს:
_ ჯერჯერობით, არ მიგვიღია გადაწყვეტილება, სოფლებში მგზავრობის ღირებულების ზრდის თაობაზე, არავის ვაპატიებ თვითნებურ გადაწყვეტილებას, _ გვითხრა მან.