საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო”-ს დირექტორი გ.მ, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამავე საზოგადოების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მ.თ დააკავეს.
აღნიშნულ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
ცნობისთვის, 2017 წლის 30 იანვარს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, თევდორე მღვდლის ქ. №7-ში მდებარე ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს” შენობის ნაწილს (ე.წ. „ბაზრობა ნიუ მოლი”) ცეცხლი გაუჩნდა.
“საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისა და სამსახურებრივად პასუხისმგებელი პირის გულგრილობის გამო, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ადეკვატური რაოდენობის ძალებისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა ხანძრის ლოკალიზება „ბაზრობა ნიუ მოლი”-ს სრული ფართობის ნაწილში და ჩაქრობა. შედეგად, ხანძარი გავრცელდა „ბაზრობა ნიუ მოლი”-ს მთელ ტერიტორიასა და სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს” შენობაში, რამაც ხსენებული შენობების, მათში არსებული სარეალიზაციო საქონლისა და ინვენტარის განადგურება გამოიწვია.
გ.მ. დაკავებული იქნა საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მეორე ნაწილით, ხოლო მ.თ. საქართველოს სსკ-ის 2201 მუხლის მეორე ნაწილით. დაკავებულ პირებს ბრალი საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში წარედგინებათ, რის შემდგომაც საქართველოს პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიმართავს”, _ აცხადებენ მტავარ პროკურატურაში.