რამდენიმე წუთის წინ საზარელი ავარია მოხდა ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე.
როგორც გვითხრეს, სატვირთო ავტომობილი, რომელიც ინერტული მასალით იყო დატვირული, გზის სავალი ნაწილიდან საპირისპირო მხარეს გადავიდა, რა დროსაც საპირისპიროდ მოძრავ მეორე სატვირთო ავტომობილს დაეჯახა.
ეს ავტომობილი კი, ინერციით წავიდა და დაეჯახა გზაზე მომავალ მსუბუქ ავტომობილს, რომელსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მერაბ ჯიბუტი მართავდა. იგი ადგილზევე დაიღუპა.
როგორც გვითხრეს, ჯიბუტი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვა სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ორივე სატვირთოს მძღოლი ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე იმყოფება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს მერაბ ჯიბუტის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს.