“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი ფინანსური სახსრებისა და მიწის ნაკვეთის გამოყოფა ქალაქ ოზურგეთში საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მოსაწყობად“, _ ამ სახელწოდებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე ახალი პეტიცია დარეგისტრირდა.
პეტიციის ავტორია ზურაბ თავბერიძე. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გვითხრეს პეტიციის განხილვა მას შემდეგ დაიწყება, თუ ის 315 ხმას მოაგროვებს ერთი თვის განმავლობაში ინტერნეტში.
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ არსებობს სასაფლაო ან სასაფლაოს ნაწილი, რომელიც განკუთვნილი იქნებოდა საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვისთვის. არადა, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის არსებობის შემთვევაში, მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა ექნება, გარდაცვალების შემდეგ, ღირსეული პატივი მიაგოს: ოზურგეთში მოღვაწე ხელოვნების, კულტურისა და საზოგადო მოღვაწეებს; ოზურგეთის საპატიო მოქალაქეებს; საქართველოს ეროვნულ გმირებს; სხვა გამოჩენილ და ღვაწლმოსილ ადამიანებს“, _ წერია პეტიციაში.