წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ადამიანის უფლება საყოველთაო უფლებაა.
წყალზე ადამიანის უფლება ნიშნავს თითოეული ადამიანის უფლებას ხელი მიუწვდებოდეს საკმარისი რაოდენობის, უსაფრთხო, შესაბამისი ხარისხის, ფიზიკურად და ეკონომიკურად ხელმისაწვდომ წყალზე პირადი და საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის.
თუმცა, ქვეყანაში არსებობს სკოლები, ბაღები, თავშესაფრები, სოფლები, სადაც წყლის მიწოდებისა და სანიტარიის პრობლემები დგას.
ამ პრობლემების გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად ქვეყანაში ამ დროისთვის 7 Wash საბჭოა შექმნილი, საიდანაც 4 ქვემო ქართლში, 3 კი კახეთში ფუნქციონირებს.
რას აკეთებენ ე.წ. Wash საბჭოები, ვინ არიან წევრები და იგეგმება თუ არა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მათ შორის, გურიაში მათი შექმნა _ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის, CENN-ის კოორდინატორს, მარიკო წიქორიძეს გაესაუბრა.
როგორც წიქორიძე ამბობს, Wash საბჭოები 1 წელია რაც შეიქმნა და კიდევ 3 წელი იქნება მონიტორინგის ქვეშ.
„მათი ძირითადი ფუნქციაა, რომ იყვნენ ჩართულები ყველა პროცესში რაც წყალს, სანიტარიას და ჰიგიენას უკავშირდება. ამ Wash საბჭოების წევრები არიან ერთის მხრივ როგორც აქტიური ადამიანები, იმ ლოკაციებიდან და სოფლებიდან, რომლებიც ჩვენი პროექტის სამიზნეა, ასევე თვითმმართველობის მერიის წარმომადგენლები, იმიტომ რომ უფრო გაგვემარტივებინა პრობლემის მოგვარების საკითხი, რომ აგვეცილებინა თავიდან ბიუროკრატიული ელემენტები, დროში გაწელვა და მყისიერი ყოფილიყო სხვადასხვა პრობლემების მოგვარება, რაც პრინციპში მოვახერხეთ. ერთობლივი მუშაობის შედეგად არაერთი პრობლემა მოგვარდა თეთრწყაროში, მარნეულში, დმანისში. თუმცა, კიდევ უფრო მეტია მოსაგვარებელი“,_ამბობს წიქორიძე.
მისი თქმით, Wash საბჭოების წევრების მოვალეობაა მათ ირგვლივ არსებული პრობლემური საკითხების გამოვლენა და აღმოსაფხვრელად რეაგირება.
„Wash საბჭოების წევრების ძირითადი მოვალეობაა, რომ წარმოადგინონ წერილობით პრიორიტეტული და პრობლემატური საკითხები, რაც მათ ირგვლივ დგას და არა მხოლოდ მათ სოფლებში, არამედ სხვა სოფლებშიც ხდება. შემდეგ ვაკეთებთ განხილვას რა პრობლემების წინაშე დგას Wash საბჭო, რომელი უფრო პრიორიტეტულია, რომ გადაიჭრას. ჩვენ პროექტს აქვს პილოტური პროექტების გახორციელების საშუალება, რომელშიც შემდეგ უკვე თანადაფინანსებით შემოდის თვითმმართველობა, არის კიდევ მესამე კომპონენტი, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციაა ევროკავშირი „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ პროექტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომელიც იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მუშაობს და ძირითადად ადვოკატირების საშუალებით ცდილობს გარკვეული პრობლემების მოგვარებას. რაც ძალიან გვეხმარება. ეს არის მთლიანად Wash საბჭოების მუშაობის ძირითადი მიმართულება“,_ამბობს წიქორიძე.
CENN-ის კოორდინატორის თქმით, ქვემო ქართლისა და კახეთის გარდა, სხვა რეგიონებშიც იგეგმება მსგავსი აქტივობა, მათ შორის, გურიაშიც.
„ Wash სათემო ინიციატივის ფარგლებში იგეგმება, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით შევისწავლოთ და მოვამზადოთ Wash ტექნიკური ანალიზი. რა მდგომარეობაა საქართველოს სკოლებში, ბაღებში და თავშესაფრებში. მართალია, ყველგან ფიზიკურად ვერ შევძლებთ, რომ შევიდეთ, მაგრამ ყველა რეგიონს მოვიცავთ და ვეცდებით იმ სკოლებში, ბაღებში, თავშესაფრებში შევიდეთ, სადაც ყველაზე რთულად დგას ეს პრობლემა“,_ამბობს წიქორიძე.
რაც შეეხება, რამდენად მდგრადი იქნება Wash საბჭოები 3 წლის შემდეგ და რამდენად გააგრძელებენ ისინი პროექტის დასრულების შემდეგ მუშაობას, CENN-ის კოორდინატორი ამბობს, რომ საჭიროა წევრს კარგად ჰქონდეს გათავისებული სოციუმის პრობლემები, იყოს აქტიური და იცოდეს, როგორ დაიცვას საკუთარი უფლებები.
„თუ Wash საბჭოს წევრი კარგად აქვს გათავისებული რა სოციუმში ცხოვრობს და რა პრობლემების წინაშეა და ასე ვთქვათ აქტიურია ამ მიმართულებით და ჩართულია პროცესში მას არ გაუჭირდება პრობლემის მოგვარება და თან საკუთარი უფლებების დაცვა. საკუთარი უფლებების დაცვაში ვგულისხმობ, რომ თუკი არ გვეძლევა საშუალება, რომ წყალზე გვქონდეს ხელმისაწვდომობა 24 საათიანი ან გამაფრთხილებელი სმს შეტყობინების შემდეგ კომპანია გვიწყვეტს წყალს, ვალდებულია, რომ საკმარისი რაოდენობის წყალი მოგვიტანოს. თუ არ მოაქვს, უკვე ჩვენი უფლებაა, რომ დავურეკოთ და ვუთხრათ. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს არ იცის. Wash საბჭოს წევრების ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებითაც მოვახერხეთ“,_ამბობს წიქორიძე.