ქალთა ძალადობისგან დაცვის დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთში, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში, კაფე რვას+1-ში გაიმართა სემინარი თემაზე _ „სექსუალური შევიწროება, როგორც ქალთა დისკრიმინაციის პრაქტიკა“.
შეხვედრას ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის წარმომადგენელი, გენდერის მკვლევარი სალომე ქინქლაძე უძღვებოდა.
“სექსუალურ შევიწროებაზე, როგორც ქალთა დისკრიმინაციის ერთ-ერთ გავრცელებული პრაქტიკაზე, საქართველოში ღიად საუბარი 2015-2016 წელს დაიწყო. უფრო მეტად აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვა, რომ მას სამსახურში სექსუალურდ ავიწროებდნენ. რის გამოც მას სამსახურის დატოვება მოუწია. აღნიშნული ფაქტით დაინტერესდა სახალხო დამცველი. როგორც ირკვევა, სექსუალური შევიწროების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა შევიწროება სამუშაო ადგილზე და ეს პრობლემა, სამწუხაროდ, რეალურად დგას“, _ თქვა სალომე ქინქლაძემ.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სექსუალური შევიწროება კანონით რეგულირებული არ არის, თუმცა არსებობს კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სექსუალური შევიწროების, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვას.
შეხვედრის დროს აჩვენეს არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარმას“ მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი _ “რა მოხდა ქუჩაში“.
შეხვედრაზე იმსჯელეს სექსუალური შევიწროების, როგორც ქალთა და გოგონათა დისკრიმინაციის ერთ-ერთი უჩინარი ფორმის შესახებ, რომელიც საზოგადოებაში ნაკლებად იდენტიფიცირებულია. სალომე ქინქლაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოზარდებთან ერთად მშობლებსაც, პედაგოგებსაც ჰქონდეთ ინფორმაცია, აღნიშნული პრობლემის შესახებ, რადგან ის ხშირად ხდება მიზეზი და ბარიერი გოგონათა განათლებისა თუ დასაქმების პროცესში.