ეს სამხრეთ აფრიკული მცენარე ინტერიერის ნამდვილი მშვენებაა და ყველა ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სელექციონერებმა მისი ათასობით ჯიში შექმნეს, რომლებიც ერთმანეთისგან არა მხოლოდ ყვავილებით განსხვავდებიან, არამედ უკვე ფოთლების ფორმებითა და შეფერილობითაც. ბოლო დროს ძალიან პოპულარულია ჭრელფოთოლა იები, რომლებსაც ნაირფერი ყვავილები ამშვენებს.
სენპოლია გამორჩეულია იმითაც, რომ ის ყვავილებით მთელი წელი გვანებივრებს. დაყვავილების ერთი ეტაპის დასრულების შემდეგ ია გარკვეული პერიოდი ისვენებს, შემდეგ კი ისევ ყვავილობას იწყებს.
სენპოლიას მოვლა არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მთავარია რამდენიმე წესი დავიცვათ. ვისაც ეს ლამაზი მცენარე ჯერ არ ჰყავს ურჩევთ მისი მოვლა ყველაზე გავრცელებული, იასამნისფერი ან თეთრი ფერის ხუთფურცლიანი იით დაიწყოს, რადგან ახალი სახეობის ჰიბრიდებისგან განსხვავებით, ისინი ოთახის პირობებს უკვე შეგუებული არიან და ადვილადაც ხარობენ.
უნდა ვიცოდეთ, რომ იას ბევრი წყალი არ უყვარს, თორემ ფესვები დაულპება. წყალი მაშინ დაუსხით,როცა ნახავთ, რომ მიწა შემშრალი აქვს. წყალი არ უნდა მოხვდეს მცენარის ფოთლებს, რადგან დალპება. მორწყვის დროს ფრთხილად აუწიეთ ფოთლები და წყალი ისე დაასხით. შეგიძლიათ წყალი პირდაპირ ქოთნის ნაცვლად ლამბაქზე დაასხათ – ასე მცენარე სითხეს დაბლიდან შეიწოვს და ფოთლების დასველებას თავიდან ავიცილებთ.
სენპოლიას არ უყვარს მწველი მზე, ამიტომ ზაფხულში შუადღის მზეს უნდა მოვარიდოთ, თორემ ფოთლები დაეწვება. თუმცა უხვი ყვავილობისთვის მას კარგი განათება სჭირდება და ნათელი ფანჯრის რაფაზე დადგით.
როგორ გავამრავლოთ სენპოლია? _ პირველი ეტაპი გასამრავლებლად ვარგისი ფოთლის შერჩევაა. ვინც დაფესვიანებას პირველად აპირებს, უმჯობესია ისეთი ფოთოლი შეარჩიოს, რომელსაც გახარების მეტი შანსი აქვს. ასეთი კი, როგორც სელექციონერები გვირჩევენ, შუა რიგის ფოთლებია, რადგან სულ ქვედა ანუ ძველი ფოთლები ხშირად იღუპებიან, ძალიან ახალგაზრდა ფოთლები კი ცდილობენ თავად გაიზარდონ და შვილების ამოსვლა უჭირთ.
თუმცა, ეს წესი აქსიომა არ არის და ვისაც ამ საქმეში ხელი “გაწაფული” აქვს, ნებისმიერი ფოთლის გახარებას წარმატებით ახერხებს. შერჩევის შემდეგ ფოთლის ღერო გადავჭრათ იმ ზომაზე, რომ 2-3 სანტიმეტრი დარჩეს (რადგან გრძელი ღეროს შემთხვევაში ამონაყარს მიწის ზემოთ ამოსვლა გაუჭირდება), მოვაყაროთ დაფხვნილი ნახშირი (ეს დეზინფექციისთვის არის საჭირო, თუმცა უამისოდაც შეიძლება) და ჩავრგათ შესაფერის მიწაში. ზოგი ფოთოლს წყალში აფესვიანებს და მიწაში ამის შემდეგ გადააქვს.
როგორი მიწა შევარჩიოთ დასაფესვიანებლად? _ დასაფესვიანებლად მსუბუქი მიწაა საჭირო. ამისათვის კარგია, თანაბარი რაოდენობით (ერთი წილი მიწა, ერთი წილი აგროპერლიტი) მიწისა და აგროპერლიტის (იყიდება ყვავილების მაღაზიებში) ნარევი. აგროპერლიტი მიწას აფხვიერებს და ახალ ფოთლებს ამოსვლას უადვილებს. სანამ ფოთოლი დაფესვიანდება, მიწა მუდმივად ტენიანი უნდა იყოს, მაგრამ ძალიანაც არ უნდა დავასველოთ, თორემ ფოთოლი დალპება. დასაფესვიანებლად ყველაზე კარგი პერიოდია გაზაფხული და შემოდგომა. ზაფხულში ძლიერი სიცხის გამო შესაძლოა ფოთოლი დალპეს, ზამთარში კი – შესცივდეს.
ხშირად ახალბედებს დაფესვიანების დროს ფოთოლი ულპებათ. ეს რომ არ მოხდეს, მუდმივი ყურადღებაა საჭირო.
თუ შეამჩნევთ, რომ ფოთოლმა მოიწყინა, სათბურში ჩასვით. ეს ძალიან მარტივია – ქოთანი შეფუთეთ ერთჯერად გამჭვირვალე ცელოფანში და სიგრილეში დადგით. უჰაერობის არ შეგეშინდეთ, არაფერი მოუვა, პირიქით, ნახავთ, რომ მეორე დღეს მცენარე გამკვრივებული იქნება.
რაში ჩავრგათ დასაფესვიანებელი ფოთოლი? _ ამისათვის კარგია პატარა ზომის ჭურჭელი, მაგალითად ერთჯერადი ჭიქა, რომელსაც ძირი უნდა გავუხვრიტოთ. ჭიქის ძირზე მოვათავსოთ პენოპლასტის ნატეხები, რაც დრენაჟისთვის არის საჭირო, შემდეგ ჩავყაროთ მიწა, ჩავრგოთ ფოთოლი, მოვრწყათ და დაველოდოთ დაფესვიანებას. გაითვალისწინეთ, რომ სენპოლიას პატარა ფესვთა სისტემა აქვს და მისთვის დიდი ზომის ქოთანი არ შეიძლება. დიდ ქოთანში მიწა შეიძლება დამჟავდეს.
რა დრო სჭირდება დაფესვიანებას: აქ მოთმინების გამოჩენა გმართებთ. იის დაფესვიანებას 2 კვირიდან ზოგჯერ 2 თვემდე პერიოდიც კი სჭირდება.
დაფესვიანების შემდეგი ეტაპია ახალი ფოთლების ამოსვლა.
ეს პერიოდიც საკმაოდ ხანგრძლივია და შეიძლება 2 თვემდეც გაგრძელდეს, თუმცა შედეგი იმდენად შთამბეჭდავია, რომ ლოდინი ღირს!
mkurnali.ge