„ჩვენს კანდიდატს, შალვა შავგულიძეს არჩევნებში გამარჯვების ყველანაირი შანსი აქვს. მითუმეტეს, პროდასავლური პარტიები შუალედურ არჩევნებში მხარს გვიჭერენ“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე ბარამიძემ.
მისივე თქმით, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ევროპული საქართველო“ თანამშრომლობის გრძელვადიან პერსპექტივას განიხილავენ.
_ ბატონო ალექსანდრე, როგორც ცნობილია, პარტიები _ „თავისუფალი დემოკრატები“ და „ევროპული საქართველო“ მთაწმინდის შუალედური არჩევნებისთვის ერთბლოკად გაერთიანდნენ. „ევროპულ საქართველოსთან“ თანამშრომლობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც განიხილავთ?
_პარტიები გაერთიანებას განვიხილავთ, როგორც დასაწყისს გრძელვადიანი სტრატეგიული თანამშრომლობისთვის და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც ვგეგმავთ პარტიები გავერთიანდეთ. აღნიშნულის საფუძველი გახლავთ ის, რომ „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „ევროპულ საქართველოს“ ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო ღირებულებები და ხედვები გაგვაჩნია.
_ იმ ფონზე, როცა „ქართული ოცნება“ შუალედური არჩევნების მოგებას მის ხელთ არსებული ყველა რესურსით შეეცდება, გაქვთ იმედი იმისა, რომ ოპოზიციის კანდიდატი შალვა შავგულიძე მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებს?
_ შალვა შავგულიძე არჩევნებში გაიმარჯვებს. ბევრს ვიმუშავებთ და მთაწმინდის ოლქში აქტიურ კამპანიას ჩავატარებთ. შალვა შავგულიძე თავადაც მთაწმინდელია. ის დიდი ხნის განმავლობაში მთაწმინდაზე ცხოვრობდა, სისხლის სამართლის სფეროში საუკეთესო სპეციალისტია და ამასთან, ბრწყინვალე ადვოკატი იყო. არაერთი გახმაურებული საქმე მიჰყავდა, მათ შორის, გირგვლიანის საქმე. ჩვენს კანდიდატს გამარჯვების ყველანაირი შანსი აქვს, მითუმეტეს, შუალედურ არჩევნებში პროდასავლური პარტიები მხარს გვიჭერენ.
_ „თავისუფალ დემოკრატებს“ იმ პარტიასთან გაერთიანება, რომელსაც სანდრო გირგვლიანისა და სხვა გახმაურებული საქმეების გამო თქვენივე პარტია აკრიტიკებდა და მწვავედ უპირისპირდებოდა, უხერხულობას არ უქმნის?
_ ჩვენ პოლიტიკური ძალების მიმართ ასეთი გამარტივებული და პრიმიტიული შეხედულება არ გაქვს. „ევროპული საქართველო“ „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან გამოსულია. აღნიშნული პარტია არის და ყოველთვის იყო მკვეთრად პროდასავლური მიმართულების. გარდა ამისა, „ევროპულ საქართველოსა“ და ჩვენ გვაქვს ერთნაირი შეხედულება იმის თაობაზე, რომ საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი უნდა დასრულდეს. ქვეყანას კანონები და სამართალი უნდა მართავდეს და არა, ერთი ადამიანი ან ადამიანთა ვიწრო ჯგუფი. რაც შეეხება კონკრეტულად გირგვლიანის საქმეს, შალვა შავგულიძე გირგვლიანის ადვოკატი იყო, რომელიც წარვადგინეთ მთაწმინდის ოლქში. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება“ ლობირებს იმ მოსამართლეებს, რომელებმაც გახმაურებულ საქმეებში, მათ შორის, გირგვლიანის საქმეზე ძალიან ნეგატიურად გამოიჩინეს თავი.
_ რით ხსნით „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ ოდიოზური მოსამართლეების ლობირების პროცესს?
_ „ქართული ოცნების“ ელიტამ და პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ძალიან კომფორტულია, მსახურებაში გყავდეს ისეთი მოსამართლეები, რომლებსაც მორჩილების მიმართ არავითარი პრობლემა არ აქვთ. ჩანს, რომ მმართველ პარტიას ურჩევნია ყოველგვარ რეფორმას მორგებული მორჩილი მოსამართლეების გადმობარება, ვიდრე მათი სისტემისგან გაწმენდა. „ქართულ ოცნებას“ აღნიშნული იმიტომ სურს, რომ ოდიოზურმა მოსამართლეებმა ყველაზე გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით დავალებები შეასრულონ.
_ როგორც ცნობილია, „თავისუფალი დემოკრატები“ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გაერთიანებულ ოპოზიციასთანაც აწარმოებს. შეგიძლიათ, გვითხრათ, გაერთიანებული ოპოზიცია რა სახის გადაწვეტილებაზე შეჯერდა?
_პროდასავლურ ძალებთან კონსულტაციების პერიოდში მიღწეული იქნა გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ არ დავაყენებთ ალტერნატიულ კანდიდატს სხვა პროდასავლური ძალების მიერ წამოყენებული კანდიდატების საპირისპიროდ. დიალოგი გვაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და გაერთიანებულ ოპოზიციასთანაც. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობასა და ერთ ბლოკში მოღვაწეობას, „ევროპული საქართველოს“ გარდა, აღნიშნულს სხვა პარტიასთან არ განვიხილავთ.