ოზურგეთის დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძე სოციალურ ქსელში აქტიურობას წყვეტს, ამის მიზეზად კი მის მხარდამჭერებზე გახორციელებულ ზეწოლას ასახელებს:
„გამომდინარე იქედან, რომ ჩემი ღია მხარდამჭერების მიმართ მუქარა და შანტაჟი ხორციელდება, ვცდილობთ, რომ ჩვენი შეხვედრების ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა არ გავასაჯაროოთ. სწორედ ამიტომ, სოციალურ ქსელში აქტივობისგან თავს ვიკავებთ“, _ აღნიშნავს შარაშენიძე.
ჩვენ შევეცადეთ შარაშენიძესთან დეტალები დაგვეზუსტებინა და გაგვეგო, ფლობს თუ არა შანტაჟისა და ზეწოლის ფაქტებს, თუმცა, მერობის კანდიდატმა ტელეფონი გაგვითიშა.
„ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციის პრესსამსახურში შარაშენიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებენ:
„არ ვფიქრობთ, რომ გაკოტრებული პოლიტიკოსის ამ განცხადების პასუხს, რომელიც რეალობისგან ძალიან შორსაა, დიდი დრო უნდა დავუთმოთ.
ადვილია თავისი წარუმატებლობა და ის ფაქტი, რომ მის შეხვედრებზე ხალხი არ დადის, გადააბრალოს ძალას, ადამიანებს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში აკეთებდნენ იმ საქმეს ოზურგეთში, რომელიც შარაშენიძემ ვერ ან არ შეძლო.
როგორც ჩანს, ბატონმა კონსტანტინემ გაიაზრა, რომ მას ოზურგეთელებმა განაჩენი უკვე გამოუტანეს და ცდილობს ეს ამბავი იმ გზით შეფუთოს, რომელზეც სიარულს მიჩვეულია. თუმცა, ეს მას ვერ გადაარჩენს.
„ქართული ოცნების“, ჩვენი გუნდის მთავარი მონაპოვარი დემოკრატია და ის თავისუფლებაა, რომელსაც თითოეული ადამიანი გრძნობს ამ საარჩევნო პერიოდში. პერიოდში, სადაც სწორედ ბატონი კონსტანტინეს მხარდამჭერების მხრიდან დაფიქსირდა ჩვენი შეხვედრების ჩაშლის არა ერთი მცდელობა. გვინდა ვუთხრათ მას _ ნუ ეცდება საკუთარი „შემოქმედება“ ჩვენ გადმოგვაბრალოს.
ჩვენ პატარა ადამიანები არ ვართ და არ ვიყენებთ იმ მეთოდებს, რომელსაც ბატონი კონსტანტინე და შესაბამისად, მისი ეს განცხადება ყოველგვარ რეალობას მოკლებულია. დაგვერწმუნეთ, ასე რომ არ იყოს და მას რაიმე მტკიცებულება ჰქონდეს, უკვე იქნებოდა საჯარო,“ _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას მმართველის პარტიის პრესსამსახურში.