დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, ე.წ. მეექვსე უბნის მცხოვრებლების ნაწილმა აქცია გამართა. მოსახლეობა ცენტრალური ხელისუფლებისგან თხილის მოსავლის ზარალის სანაცვლოდ კომპენსაციას ითხოვს.
“ჯერ თხილი გაანადგურა ფაროსანამ და ახლა ციტრუსზე გადავა. მოგვაქციოს ვინმემ ყურადღება“, _ გვითხრეს სოფელ ნატანებში ჩასულებს.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 2018 წელს დამუშავდა 27 მუნიციპალიტეტის 523 სოფელი. მათ შორის ღონისძიებები ჩატარდა გურიის რეგიონში _ ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლებში;
“შარშანდელთან შედარებით სახეზეა ხელშესახები შედეგი _ მნიშვნელოვნად არის შემცირებული მავნებლის პოპულაცია და მისი გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა. სტრატეგიის შესაბამისად, სახელმწიფო ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს ღონისძიებებს. ამავე დროს მოუწოდებს მოსახლეობას საკუთარ ნარგავებში ჩაატაროს სამუშაოები, რადგან შედეგის მიღწევა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი. ამასთან თხილში გავრცელებულია სხვა მავნე ორგანიზმები სოკოვანი, ბაქტერიული, ვირუსული დაავადებები, რომლებიც აზიანებს თხილის მოსავალს და საჭიროებს მოსახლეობის მხრიდან ჩართულობას და შეწამვლითი სამუშაოების ჩატარებას“, _ გვითხრეს სურსათის ეროვნულ სააგენტოს პრესსამსახურში.