შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, რომ „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეში ბრალდებული ბადრი ესებუა შემდეგმა შს მინისტრებმა დააკავონ.
„დავაკავებთ, რა თქმა უნდა, აუცილებლად. ახლა გავალთ და ალბათ, რამდენიმე წუთში დაკავებული იქნება, ამაზე მილიონჯერ გავაკეთე განცხადება… შეიძლება წლებიც გავიდეს, ამაზე ასჯერ მაქვს კომენტარი გაკეთებული და რამდენჯერ უნდა გავაკეთო?! შეიძლება 10 წელი გავიდეს და მერე დააკავონ, არა – მე, არამედ მეოთხე მინისტრმა ჩემს შემდეგ ან მეორე მინისტრმა. ეს ჩვეულებრივი თემაა, ვაკავებთ 10 წლის წინანდელ, 8 წლის წინანდელ დამნაშავეებს, მკვლელებს. გვინდა, რომ დავაკავოთ, რა თქმა უნდა“, – განაცხადა გომელაურმა.
ცნობისთვის: 2020 წლის 21 ოქტომბერს სამხედრო ფორმაში ჩაცმული კაცი ბანკში ხელყუმბარით და ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა, 43 ადამიანი მძევლად აყვანა და იმ დღესვე ნახევარი მილიონი დოლარით ტყეში მიიმალა. შსს-მ განაცხადა, რომ თავდამსხმელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში მცხოვრები, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ბადრი ესებუა იყო, რომელსაც დღემდე ეძებენ.
წყარო: bm.ge