თბილისში, „ისთ ფოინთში“ მისული ადამიანების ყურადღებას იქცევს სტენდი, სადაც დამწვარი ნაძვის ხეებია გამოტანილი წარწერით „მრავალ ახალ ხეს“.
როგორც „გურია ნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, სტენდი ნახანძრალი ბორჯომის ტყის აღსადგენად დაწყებული კამპანიის ნაწილია და ის მარტო „ისთ ფოინთში“ არაა წარმოდგენილი.
ვის ეკუთვნის კამპანიის იდეა, როდემდე გაგრძელდება ის, რამდენად აქტიურად არის მოსახლეობა ჩართული ბორჯომის ტყის აღსადგენ აქციაში და რა მნიშვნელობა აქვს ბორჯომის ტყეს ქვეყნისთვის _ ამ საკითხებზე „გურია ნიუსს“ „თრიფექსის“ სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელი, თამარ თელია ესაუბრა.
როგორც ის აღნიშნავს, სტიქია, რომელიც ამ ზაფხულს ქართულ ტყეებს დაატყდა თავს, თითქმის ყველას მიავიწყდა, თუმცა, მის მოსაგვარებლად საზოგადოების ჩართვა მნიშვნელოვანია.
„ეს გახლავთ კრეატიული სააგენტო “ლივინგსტონის” და “თრიფექსის” სოციალური აქცია, რომელიც ბორჯომის დამწვარი ტყის აღდგენის მიზანს ატარებს. სტიქია, რომელიც ამ ზაფხულს ქართულ ტყეებს დაატყდა თავს და 1000-მდე ჰექტარი გაანადგურა, თითქოს ყველამ უკვე დაივიწყა. პრობლემამ აქტუალურობა დაკარგა, თუმცა, მის მოსაგვარებლად საზოგადოების ჩართვა კვლავ მნიშვნელოვანია. ბუნების გადასარჩენად გვინდა კიდევ ერთი საახალწლო ტრადიცია დავნერგოთ – ახალ წელს ლამაზი ნაძვის სახლში დადგმასთან ერთად, ერთი ნამდვილი ხეც დავრგოთ იქ, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდება! გვჯერა, რომ ჩვენი _ „თრიფექსის“ და კომპანია „ლივინგსტონის“ ერთობლივი და თავდადებული მუშაობის შედეგი იქნება მაქსიმალური და დიდ წვლილს შევიტანთ ბორჯომის ტყის გარდაჩენაში“, _ ამბობს თელია.
მისივე თქმით, ბორჯომის ტყის აღსადგენი კამპანია მარტო „ისთ ფოინთით“ არ შემოიფარგლება და პირველი სტენდი 23 დეკემბერს სპორტის სასახლესთან დაიდგა.
აქცია 15 იანვრამდე გრძელდება და მსურველებს ბორჯომის ტყის აღდგენაში მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებში დამდგარ სტენდებთან და გარდა ამისა, ვებ-გვერდის საშუალებითაც შეუძლიათ.
„ეს სტენდი მხოლოდ ისთ ფოინთში არ იყო. 23 დეკემბრიდან სპორტის სასახლესთან საახალწლო ნაძვის ხეების გვერდით დამწვარი ნაძვის ხეებიც იყო გამოტანილი. აქვე იყო წარმოდგენილი სტენდი, სადაც ადამიანებს შეეძლოთ შეეძინათ თრიფექსის სასაჩუქრე ბარათები. ბარათზე დატანილი უნიკალური კოდის გააქტიურებით, ვებგვერდზე www.treepex.com , მომხმარებლის სახელზე დაირგვება ხე ბორჯომის ხეობაში.
კამპანია გაგრძელდება 15 იანვრამდე და სტენდები წარმოდგენილია შემდეგ ლოკაციებზე: სავაჭრო ცენტრ ჰოუმმარტში, გალერეა თბილისში და თბილისი მოლში. გარდა ამისა, მომხმარებელს ვებგვერდის საშუალებითაც შეუძლია ელექტრონულად ხის დარგვა. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ვებსაიტი – borjomistvis.ge, სადაინაც ხეების დარგვა მარტივად არის შესაძლებელი – მაუსის ორი დაწკაპუნებით შესაძლებელია დარგო ხე ბორჯომის ხეობაში და აჩუქო ის მეგობარს, ოჯახს ან საკუთარ თავს.
გარდა ამისა, უკვე კომპანიებსაც შეუძლიათ ჩაერთონ აქციაში. borjomistvis.ge/business-ზე შეუძლიათ თავიანთი ორგანიზაციისა და თანამშრომლების სახელზე ნებისმიერი რაოდენობის ხე დარგონ“, _ ამბობს თელია.
„თრიფექსის“ სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელის თქმით, მოქალაქეები ბორჯომის ტყის აღსადგენ აქციაში აქტიურად არიან ჩართულები.
„კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში მოქალაქეების აქტიურობა საკმაოდ მაღალია. ზუსტი რაოდენობის თქმას კამპანიის დასრულების შემდეგ შეძლებთ, ვინაიდან სურათი ყოველდღე იცვლება“, _ ამბობს ის.
მისივე თქმით, ბორჯომის ტყე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. დღეს, მოქალაქეების დახმარებით შესაძლებელია მისი აღდგენა, წლების შემდეგ კი შესაძლოა გვიანი იყოს და ტყის აღდგენა ვეღარ მოხერხდეს.
„პირველ რიგში, ბორჯომის ტყე ერთ–ერთი უდიდესი, თავისი ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული და უნიკალური ტყეა ევროპაში. შესაბამისად, საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. ყველასთვის ცხადია, რომ ბორჯომი ტურისტული თვალსაზრისით ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კურორტია და შესაბამისად, ამ ტყის აღდგენაც ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. უნდა ვეცადოთ და დავეხმაროთ მას რაც შეიძლება მალე. თუ დღეს არა, წლების შემდეგ შეიძლება გვიანი იყოს და ტყემ ვეღარ მოახერხოს თავისი პირვანდელი სახის დაბრუნება. ახლა კი, ჩვენი _ მოქალაქეების დახმარებით შესაძლებელია“, _ ამბობს თელია.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 20-26 აგვისტოს ხანძრის შედეგად ბორჯომში, წინასწარი მონაცემებით, 752 ჰექტარი ტყეა დამწვარი, საიდანაც 525 ჰექტარი 2008 წლის ნახანძრალი ტერიტორიაა.
ამავე თემაზე:
რა საფრთხის წინაშე დგას ბორჯომის მოსახლეობა და რას უკავშირებენ ხანძარს