პროფესიით გერმანისტია, მაგრამ, ჯერჯერობით, ამ კუთხით არ უმუშავია. მუშაობდა ყაზტრანსგაზში, შემდეგ ერთ-ერთ ბანკში სესხის ოფიცერად, მოგვიანებით, ამავე ბანკის ბათუმის ფილიალის მმართველი იყო, თავისი ძალები, ასევე, მოსინჯა არქიტექტურულ კომპანიაში. ბოლო ორი წელია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის მკვიდრი, 33 წლის ალექსანდრე ფირცხალაიშვილი ვარდების გაშენებით და მოვლით არის დაკავებული.
“ვარდების სათბურის იდეა გაჩნდა რამდენიმე გარემოების დამთხვევის გამო, მეგობართან საუბარში: მიყვებოდა სხვა სათბურის შესახებ, ოღონდ სხვა ყვავილები ჰქონდათ იქ. შემდეგ დამაინტერესა და ალეკოს შევთავაზე. თავიდან მას არ წარმოედგინა, როგორი იქნებოდა მეყვავილეობა. მუშაობდა ბანკის მენეჯერად ბათუმში და ასევე არქიტექტურული ბიზნესი ჰქონდა ახალ გახსნილი, მეც დავანებე თავი, რადგან გამოცდილება არც მე მქონდა და არც ფინანსები. სადღაც 1-2 თვის შემდეგ გავიგე სააგრანტო პროგრამის და იაფი კრედიტის შესახებ. თვითონ დამიკავშირდა სოფლის მეურნეობის სააგენტო და იმავე დღეებში მეყვავილეობის შემსწავლელი კურსის რეკლამა ვნახე, რომლიც აგრარური უნივერსიტეტის და გარდენიის მიერ იყო გამოცხადებული. მე რა თქმა უნდა, ორივე საშუალება გამოვიყენე, კურსები გავიარე, რითაც წარმოდგენა შემექმნა რასთან შეიძლება საქმე მქონოდა და დაფინანსებაც მოვიპოვე, ასევე შემთხვევით ამავე პერიოდში ტელეფონით გავიცანი ის ადამიანები, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ ზოგადად მესათბურეობაში და მათგან გადამწყვეტი ტექნიკური რჩევები მივიღეთ“, – გვიყვება ალექსანდრე ფირცხალაიშვილის ძმა, დავით ფირცხალაიშვილი.
“ძმის შემოთავაზებას დიდი ფიქრის შემდეგ დავთანხმდი. ბოლომდე არ ვიცოდით, რა გამოვიდოდა, მაგრამ გვინდა დაწყებული საქმე წარმატებული გავხადოთ. ეს ორი წელიწადი ძალიან დაძაბული იყო, რადგან ბევრი შრომა სჭირდება ვარდების მოვლას, გახარებას და შემდეგ რეალიზაციას,“ _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ალექსანდრე ფირცხალაიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საქმის დაწყების პერიოდში იმყოფებოდნენ მეყვავილეობის სემინარებზე, სადაც მოწვეული იყო ჰოლანდიელი მეყვავილეები.
“მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. ასევე, 2020 წლის თებერვალში ჩამოდიან ამერიკიდან მეყვავილეები, რომლებიც 3 დღე დარჩებიან ჩვენს ობიექტზე და ცოდნას გაგვიზიარებენ“, _ გვეუბნება ახალგაზრდა ფერმერი.
ყვავილების მოვლა-პატრონობაში რამდენიმე ადგილობრივი არის დასაქმებული.
“მეზობლები ყველაზე დიდი გულშემატკივარია ჩვენი ვარდების. ხშირად ახალგაზრდები უანგაროდ გვეხმარებოდნენ, რადგან სოფელში ვარდების სათბური ყოფილიყო,“ – აღნიშნა საუბრის დროს ალექსანდრე ფირცხალაიშვილმა.
ამ ეტაპზე სარეალიზაციოდ 3 ჯიშის ვარდი, 2 წითელი და 1 თეთრი. ამის გარდა ვარდების ბაღში 20-ამდე სხვადასხვა ჯიშის ვარდია.