ერთხელ ჯემალ ღაღანიძე რუსთაველის თეატრთან ერთად შორეულ მექსიკაში აღმოჩნდა. მეხიკოში მსახიობებს „კავკასიური ცარცის წრე“ უნდა ეთამაშათ. ქვემოთ მოყვანილი დაუჯერებელი ამბავი ქართველებს ამ ქვეყანაში შეემთხვათ. ბატონი ჯემალი ამ „ისტორიას“ ჩვეული იუმორით ხშირად იხსენებდა:
„კავკასიურ ცარცის წრეს“ ვთამაშობდით მეხიკოში. მიშიკოს როლზე პატარა ბიჭი გვყავდა, მაგრამ კომუნისტების დროს, უცხოეთში არ შეიძლებოდა არასრულწლოვანი მსახიობის გაყვანა. სადაც მივდიოდით, იქ ვიყვანდით ამ როლზე ბავშვს. რეპეტიციას ამ ბავშვისთვის გავდიოდით ხოლმე უცხოეთში, რომ სცოდნოდა – რა ეთამაშა, როდის რა ექნა და სცენაზე როგორ მოქცეულიყო. მეხიკოშიც, თეატრის მენეჯერმა უთხრა რობიკო სტურუას, წავალ და ისეთ ბიჭს მოვიყვან, ამ როლზე რომ გამოგადგებათო.
გავიხედეთ, მოჰყავს, მაღალი, აფროამერიკელი მიშიკო. გადავირიეთ, შევიცხადეთ: რა არის კაცო ეს, ჩვენი მიშიკო თეთრია, ეს შავი, აყლაყუდა რად გვინდაო. მენეჯერი მიუბრუნდა რობიკოს და უთხრა: ბატონო რობერტ, ამის მამა გვაფინანსებს და ძალიან გთხოვთ, ერთ სპექტაკლში ათამაშეთ, რა მოხდება, ქვეყანა ხომ არ დაიქცევაო. ჯანდაბასო იფიქრა რობიკომ და გავიარეთ რეპეტიციები. სპექტაკლში, იზა გიგოშვილი თამაშობდა მიშიკოს დედის როლს. ერთი სიტყვით, დაიწყო სპექტაკლი, ვართ როლებში შეჭრილი, იზა გართხმულია სცენაზე, რამაზ ჩხიკვაძე ეუბნება მიშიკოს, მიდი, დედაშენთანო. ისიც უნდა გაქცეულიყო განცდით და ზემოდან მოხვეოდა ძირს გართხმულ დედას. გავიხედეთ, მივარდა ის აფროამერიკელი და ზემოდან მოაჯდა იზას.
გავშრით, ვერ მივხვდით რა გვექნა და უცებ, რამაზ ჩხიკვაძემ ატეხა ყვირილი: ეს რა გვიქნეს კაცო, ამ უცხო მხარეში, მსახიობი არ გაგვიბახესო?! ვეცით რამაზს: გაჩუმდი კაცო, დარბაზში ვინმე ჯიგიტი თბილისელი არ იჯდეს, ამ შუაგულ მეხიკოში ნუ ჩაადენინებ ცოდვასო“. ავტორი