ახლო წარსულში პოპულარულმა ფეხბურთელმა მანუჩარ მაჩაიძემ თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა. ერთ მშვენიერ დღეს თბილისის „დინამო“ ინდონეზიაში აღმოჩნდა…
„1972 წელია. ინდონეზიაში გავემგზავრეთ ტურნეში. მოგეხსენებათ საბჭოთა სპორტსმენებს როგორ „მეურვეობდა“ კგბ საზღვრის იქით.
ამ უცხო ქვეყანაში ჩვენთვის ყველაფერი უჩვეულო და ახალი ხილი იყო, მაგრამ ყველაზე მეტად რამაც გაგვაოცა, იქაური გოგონების უკომპლექსობა და თავაშვებულობა იყო. შეგვკრიფეს ჩვენს საელჩოში და გვარიგებენ:
– ფრთხილად იარეთ ქუჩაში. პროვოკაციას არ წამოეგოთ. აქ ძალიან ავხორცი მეძავები დადიან. მომენტს არ უშვებენ, განსაკუთრებით მოსწონთ თეთრკანიანი მამაკაცები, უფრო განსაკუთრებით – ფეხბურთელები და კიდევ უფრო მეტად – თბილისელი ფეხბურთელები.
შეეშინდათ ჩვენებს. ამიტომ სულ ერთად დავდიოდით კინოსა თუ მაღაზიებში.
ერთი მორიგი გუნდური გასეირნება გვაქვს. პირველ ხანებში თითქოს ყველაფერი მშვიდობიანად მიდიოდა. მანქანიანი „ნაშები“ გვივლიდნენ გარშემო. ამ ამბავში ვართ და ხელმარცხნივ ჩოჩქოლი ატყდა. სანამ მდგომარეობაში გავერკვეოდით, კაცის განწირული ხმა მოგვესმა:
– პამაგიწე რებიატააა! სპასიწეეე!
კი გაგვიკვირდა, ნეტავი ვინაა ამ შუა ინდონეზიაში, ეს საწყალი ვიღაცა რუსი რომ გამოუჭერიათ-თქო, მაგრამ მერე დაგვცეცხლა ტვინში, როდესაც გოგოებით გარშემორტყმული ჩვენი „მიამიტი“ მწვრთნელი გავრილ კაჩალინი დავინახეთ ამ გაჭირვება-გაუგებრობაში.
მაშინ კი დავიკაპიწეთ ხელები მადლიერმა შეგირდებმა და ბრძოლის შუაგულში გადავეშვით. თავგამოდებამ შედეგი გამოიღო, ძლივს, როგორც ქუთაისლები იტყვიან, ძლივს „დავჩხვენით“ ხელიდან მოძალადე გოგოებს ჩვენი ჭარმაგი, უდანაშაულო „ტრენერი“.