“გარდენია შევარდნაძე” სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც სოფელში ზურა შევარდნაძე გატარებულ წლებს და საახალწლო რიტუალს აღწერს.
“ახალი წლის წინა დღეს ბებია ადრიანად დააბინავებდა საყოლს, დააპურებდა ქათმებს და ბუხარს მიაშურებდა..
ბაბუა დილაადრიანად დააპობდა საგანგებოდ მომზადებულ ცხემლის შეშას და პარმაღში დაასაყადელებდა..
ეს ის დღე იყო, როცა ყველანი შინ ვიყავით. ნაძვის ხესაც ამ დღეს ვრთავდით…
ბუხარში ჯაჭვზე ჩამოკიდულ ჩახნებში იხარშებოდა ჩასუქებული ინდაური, ღორის ბეჭი, დუღდებოდა ადესის ფელამუში და ამორჩეულ მსხვილღერწიან, თხელკანიან ხაპსაც იმ დღეს ხარშავდნენ.
ატეხდა ცხემლის შეშა ტკაცუნს და გაყრიდა პერწკლებს, დაილოცებოდა ბებია: “ღმეთო ამ პერწკალივით გამიმრავლე ძეი და მომავალიო”…
დახავსებულ ცხემლის ნუგუზლებს განგებ შეუჩუჩხუნებდა და ავარდნილ ალს მიაძახებდა: “შენი ჭამე, შენი სვი, ჩემსას ჯვარი დამიწერეო”…
ცეცხლს გულს გაუღებდა, “გამოღადრავდა” და ნიჩაბიდან ვითომ შემთხვევით გადმოუვარდებოდა ერთი მაინც. ბუთქუნა გავარვარებული ნაკვერჩხალი იატაკზე გაადენდა გვეხას და რამდენიმე ნაწილად დაიფშვნებოდა, მიაყოლებდა: “ასე გასტკლიცე ჩემი ოჯახის ავი თვალით შემხედვარეო”…
ფანჯარას გამოაღებდა და ერთ ნიჩაბ ნაკვერჩხალს ეზოში თეთრ თოვლზე გაიქნევდა, “ეშმაკს და უხილავს მუუსავდება, თვალი და ყური დიეფსებაო.”
ისე ურევდა წყევლას და ლოცვას ერთმანეთში, ისე არტისტულად, ისე საოცრად, დამაჯერებლად ასრულებდა თითქოს მართლა არსებობდა ან ჭინკა ან ეშმაკი ან უხილავი და ამდენ ამბავს თუ არ დაათენებდა, წახდებოდა საქმე.
კი ვიხსენებ ხუმრობით და კი ვიცინი ბევრს, მაგრამ მაინც მგონია სიმდიდრეა ჩვენი და მებრალება ყველა ის ღარიბი ადამიანი, ვისაც ისეთი ბებია არ ჰყავდა, როგორიც მე…
, _ წერს ზურა შევარდნაძე