ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ორი წლის წინ აგებული შენობის გახსნის დრო ისევ გაურკვეველია. “გურია ნიუსის“ კითხვას, რატომ არ იხსნება შენობა, სადაც ცნობილი ლოტბარის ვარლამ სიმონიშვილის ეთნოგრაფიული მუზეუმი უნდა განთავსებულიყო, ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ ოზურგეთის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას უპასუხა:
“შემოქმედში ვარლამ სიმონიშვილის სახლ-მუზეუმი არის, სადაც ის ცხოვრობდა. რა თქმა უნდა, კარგია, რომ სოფელ შემოქმედში არსებობს ერთ-ერთი გალამაზებული კუთხე, მაგრამ იმას ვარლამ სიმონიშვილის მუზეუმს ვერ დავარქმევთ.
ვფიქრობ, შენობას გამოვიტანთ საჯაროდ, კონკურსს ჩავატარებთ, წინადადებებს მოვისმენთ, რა უნდა გაკეთდეს იმ შენობაში“, _ თქვა კონსტანტინე შარაშენიძემ.
სამუზეუმო შენობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის დროს აშენდა. მუზეუმისთვის ქართული ხალხურის სიმღერების ქომაგი ანზორ ერქომაიშვილი აპირებდა სხვადასხვა ინვეტარის გადაცემას, თუმცა, შენობა დღემდე უფუნქციოდ დგას.
ოფიციალურად ვარლამ სიმონიშვილის მუზეუმი სოფელ შემოქმედში არ არსებობს. ა(ა)იპ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერეთიანების“ დირექტორი გოგა ტრაპაიძე ამბობს, რომ შემოქმედში შენარჩუნებულია ის ადგილი, სადაც ცხოვრობდა ცნობილი ლოტბარი. შენობაში არის სხვადასხვა სახის ინვეტარი, თუმცა, მას სახლ-მუზეუმის სტატუსი არ აქვს.
ანალოგიურად, როცა ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმის გახსნა დაიგეგმა, შენობა სოფელ ლიხაურის ცენტრში აშენდა და არა იმ ადგილას, სადაც დიდი ერისკაცი ცხოვრობდა ბავშვობაში.