“შენს თავს შეხედე, სარკეში ჩაიხედე და ამის მერე მიიღე გადაწყვეტილებები”, _ ასე გამოეხმაურა გიორგი ვაშაძე მაია ცქიტიშვილის განცხადებას ლარის კურსის ვარდნის შესახებ.
ვაშაძის განცხადებით, ლარის გაუფასურების უმთავრესი მიზეზი გამეფებული კორუფციაა, მათ შორის ცქიტიშვილის უწყებაშიც.
“ქალბატონმა ცქიტიშვილმა ძალიან ბევრი ნაცარი მოაგროვა, შუბლის ძარღვი გაიწყვიტა და შემოგვაყარა ეს ნაცარი თავის კომენტარში და უნდა რაღაც აბსურდში დაგვაჯეროს. ამის ნაცვლად ვთქვათ რეალური მიზეზები რატომ უფასურდება ლარი და რატომ ვღარიბდებით ყოველდღიურად. პირველი, მათ შორის ცქიტიშვილის უწყებაში გამეფებული არის კატასტროფული კორუფცია. როცა აბრალებ რუსთავი 2-ს რაღაცას, მიმოიხედე მაინც, შენ თავს შეხედე, სარკეში ჩაიხედე და ამის მერე მიიღე გადაწყვეტილებები და ამის მერე გააკეთე განცხადებები”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ “კურიერთან“.
შეგახსენებთ, მაია ცქიტიშვილის თქმით, ლარის კურსის ვარდნა 20 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. მისი თქმით, იმ პოლიტიკურმა დესტაბილიზაციამ, გადატრიალების და პარლამენტში შევარდნის მცდელობამ, პირდაპირ ეთერში მეზობელი ქვეყნის პირველი პირების გინებამ და ამის შედეგად ტურიზმზე დაწესებულმა სანქციებმა, რამაც გამოიწვია დაახლოებით, მილიონ ნახევარი ტურისტის დაკარგვა მოგვცა დღევანდელი სურათი. მისივე თქმით სიცრუეა, რომ თითქოს სახელმწიფოა არ აქვს ეკონომიკური პროგრამა.