საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი შერმადინი კვლავ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში, შერმადინის ტენერიფემ 5 დეკემბერს „მონბუს ობრადორიოს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით – 107:62 დაამარცხა. გიომ მოედანზე მხოლოდ 17:18 წუთი გაატარა, რა დროშიც 18 ქულას, 6 მოხსნას და 3 პასს მოუყარა თავი.
რაც შეეხება მომდევნო მატჩს, რამდენიმე გადატვირთული სათამაშო კვირის შემდეგ, შერმადინს ამოსუნთქვის საშუალება ეძლევა. ტენერიფე 12 დეკემბერს მე-13 ტურში „სან პაბლო ბურგოსს“ უმასპინძლებს, რომლის ღირსებას ნაკრების კიდევ ერთი ლიდერი, ნატურალიზებული თად მაგფადენი იცავს.
შესანიშნავად დაიწყო ჩემპიონატი სანდრო მამუკელაშვილმა, რომელიც ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ ფავორიტ „სეტონ ჰოლში“ ასპარეზობს. ჩვენებურმა ჯერ მხოლოდ 5 თამაში ჩაატარა და ხუთივეში ძალიან აქტიური და პროდუქტიული იყო. ერთი კვირის წინ მან 25 ქულა ჩააგდო, გუშინ გამთენიისას კი 21 წლის ქართველმა ფორვარდმა პირადი რეკორდიც დაამყარა და “პენსილვანია სტეიტს” 30 ქულა ჩაუგდო. მოედანზე გატარებულ 41 წუთში 30 ქულას სანდრომ 5 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაც მიაყოლა.
ქართველი ფორვარდის ასეთ კარგ ფორმაში ყოფნა განსაკუთრებით იმიტომ არის სასიხარულო, რომ 2021 წელს სანდრო NBA-ს დრაფტზე დადგომას აპირებს. იმედია, მომავალი წლიდან, პლანეტის საუკეთესო ლიგაში ორი წარმომადგენელი გვეყოლება.