საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება დაიწყო. საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლა სურთ, ძირითადად, “საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის” (GDRP) ფარგლებში ჩართულ ბატალიონებში იმსახურებენ. გადაწყვეტილია, რომ საქართველო-აშშ-ს თანამშრომლობის აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, შეიარაღებულ ძალებში ახლადმიღებულ სამხედრო საკონტრაქტო მოსამსახურეებს კვალიფიციური ქართველი და ამერიკელი ინსტრუქტორები ერთობლივად გაწვრთნიან.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2017 წლის 5 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით შეიარაღებულ ძალებში იწვევს 18 დან 35 წლამდე ასაკის მოქალაქეებს და 4 წლიანი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს.
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი; ასევე, რეზერვში მყოფ რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა (მიჩმანთა) პირადი შემადგენლობა 35 წლამდე.
სამხედრო საქმით დაინტერესებულ მოქალაქეებს თავდაცვის უწყება ყველა შესაბამის პირობას სთავაზობს.
სამხედრო საკონტრაქტო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. რიგითი სამხედროსათვის მინიმალური ხელზე ასაღები თანხა 760 ლარიდან იწყება. სახელფასო ანაზღაურება იზრდება სამხედრო წოდების მატებისა და სამსახურის ვადის ზრდის შესაბამისად.
თავდაცვის უწყება ვალდებულებას იღებს სამხედრო მოსამსახურე თანამედროვე აღჭურვილობით, საყოფაცხოვრებო პირობებითა და კვებით უზრუნველყოს; ჯარისკაცებსა და მათი ოჯახის წევრებს მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურება, ასევე სოციალური და სამართლებრივი დაცვა შესთავაზოს.
შეიარაღებული ძალების წრთვნისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე და მისი ოჯახი თავს ყველანაირად დაცულად უნდა გრძნობდეს. აღნიშნულს საკონტრაქტო პირობებიც ითვალისწინებს – მაღალი ანაზღაურების გარდა, სამხედრო მოსამსახურეს კარიერული განვითარების შესაძლებლობაც აქვს. მას შეუძლია პროფესიული მომზადების დონე ქართველი და უცხოელი ინსტრუქტორების დახმარებით აიმაღლოს, უცხო ენა აითვისოს და მონაწილეობა საერთაშორისო ოპერაციებში მიიღოს.
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი გიორგი ჯაჭვაძე ამბობს, რომ სამსახურის პერიოდში უმაღლესი განათლების მქონე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ოფიცრის კურსის გავლისა და ოფიცრის სამხედრო წოდების მიღების შესაძლებლობა აქვს. საშუალო განათლების მქონე პირებს კი, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში სერჟანტთა საკარიერო კურსების, შემდგომში კი, სერჟანტის კარიერული განვითარების საფეხურების გავლა შეუძლიათ.
წრთვნისა და სამხედრო განათლების სარდლის განცხადებით, შეიარაღებული ძალები ერთი ოჯახია, სადაც საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები საკუთარ კარიერას ქმნიან, რის პარალელურადაც, თავდაცვის უწყება სამხედრო კარიერული განვითარების შესაძლებლობებს ქმნის.
IV მექანიზებულ ბრიგადაში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს გადის რიგითი აკაკი ჯაჯანიძე. მან შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტის გაფორმებამდე სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ფინანსების მიმართულების დაამთავრა. ეს მისთვის კარგი საფუძველი აღმოჩნდა საარტილერიო სპეციალიზაციის კუთხით განვითარებულიყო. რიგითმა ჯაჯანიძემ უკვე გაიარა მემიზნის კურსები: “თუ სამხედრო საქმით ხარ დაინტერესებული, აქ რომ მოხვდები უნდა განვითარდე, ერთ ადგილას ვერ გაჩერდები. ეს არის სამსახური, რომელიც გეამაყება და, იმავდროულად, პერსპექტივა გაქვს,” _ ასეთია ქვეყნის მოტივირებული დამცველის მიერ ჯარისკაცული ცხოვრების შეფასება.
კონტრაქტის გაფორმებამდე, სხვების მსგავსად, რიგითმა ჯაჯანიძემაც საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) 10 კვირიანი კურსი გაიარა, რის შემდეგაც, ქვედანაყოფში მემიზნის თანამდებობაზე დაინიშნა. ჯარისკაცმა ტაქტიკური, სამხედრო-საინჟინრო, ასევე სამხედრო-სამედიცინო მომზადება, მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვა და სამხედრო დისციპლინის სხვა საკითხები შეისწავლა.
შეიარაღებულ ძალებში რეკრუტირებას ერთგვარ მექანიზმად განიხილავენ – ამ პერიოდში ადამიანი საკუთარ გადაწყვეტილებას ითავისებს. სხვათა შორის, პირველი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, 2 წლის განმავლობაში შეთანხმების დარღვევასთან დაკავშირებით დაწესებული ჯარიმები ერთგვარ შემაკავებელ ფაქტორად მიიჩნევა, რაც, გარკვეულწილად, სამხედრო მოსამსახურისათვის სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ დანახარჯსაც აბალანსებს. საგულისხმოა ისიც, რომ საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისათვის მეორე კონტრაქტის დასრულებისას 7000 ლარიანი, შვილის შეძენის შემთხვევაში კი, 1000 ლარიანი წახალისებაა გათვალისწინებული.
პოლკოვნიკმა გიორგი ჯაჭვაძემ ის სიახლეებიც გაგვაცნო, რომელიც შეიარაღებულ ძალებში ახლახან დაინერგა და სამხედრო მოსამსახურეების ყოფითი პრობლემების მოგვარებაზეა ორიენტირებული. სახმელეთო ქვედანაყოფების ახალი დღის განრიგი, რომელიც დაინერგა სპეციალური პროგრამის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებისათვის ოპტიმალურ და სამსახურის შეღავათიან პირობებს ითვალისწინებს, ასევე, განიხილება სამხედრო ნაწილების რეგიონული პრინციპით დაკომპლექტების საკითხიც.
J1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, სამხედრო საქმით დაინტერესებული მოქალაქეებისათვის, მათ შორის, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისათვის, შეიარაღებულ ძალებში ყველა პირობაა შექმნილი (საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებს შორის, რომლებიც ამჟამად შეიარაღებულ ძალებში BCT კურსს გადიან, 14 მანდილოსანია).
გენერალური შტაბის წარმომადგენელი, პოლკოვნიკი გიორგი ჯაჭვაძე ამბობს, რომ სამხედრო სამსახური მრავალ არჩევანს შორის, რომელიც შეიძლება საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს, საამაყოა.
ემსახურე საქართველოს!
(R)