დღეს ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობას აირჩევენ. ახალი შემადგენლობის მიხედვით, პოლიტსაბჭოს წევრებს შეუერთდება მმართველი გუნდის წევრი ბიძინა გეგიძე. როგორც გეგიძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პარტიის მომავალ განვითარებაზე გარდამტეხ როლს შეასრულებს. ამასთან, მისი თქმით, შესაძლოა, ბიძიანა ივანიშვილმა მოხსენებისას ,,ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატზე ისაუბროს.
,,ივანიშვილის დაბრუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც პარტიის მომავალ განვითარებაზე ძირეულ გავლენას იქონიებს. ეს არის შანსი იმისა, რომ დაიწყოს ძლიერი, მტკიცე, მოტივირებული ქვეყნის განვითარებაზე აქცენტირებული პარტიის მშენებლობა, რომელიც ბიძგს მისცეს საქართველოს, რომ მომავალში ძლიერი და ერთიანი სახელმწიფო გახდეს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მოხსენებას, დარწმუნებული ვარ, პოზიტიური იქნება. არ მგონია, რომ ყრილობის ფორმატში საპრეზიდენტო კანდიდატზე იყოს საუბარი, ყრილობაზე გამოსვლის დროს, შესაძლოა, თემას შეეხოს, მაგრამ არა მგონია კონკრეტულად ისაუბროს, ამ საკითხზე განხილვები, ჯერჯერობით, არ დასრულებულა“,_ გვითხრა გეგიძემ.
დღეს ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რიგით მეხუთე ყრილობა გაიმართება. ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარესა და განახლებულ პოლიტსაბჭოს აირჩევენ. ყრილობას მინისტრთა კაბინეტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.