ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, დე-ფაქტო ცხინვალმა, შესაძლოა, ქართულ მხარეს დღეს გადასცეს, ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
აღნიშნულს არ ადასტურებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი. მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ცხედარი ოჯახს უახლოეს მომავალში გადაეცეს.
„ჩვენი მუშაობა მიდის იქით, რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება მალე. მე ვერ დავაზუსტებ ნამდვილად საუბარია სამშაბათს თუ სხვა რომელიმე დღეზე, მაგრამ, ბუნებრივია მიდის მუშაობა, რაც შეიძლება მალე მოხდეს ცხედრის გადმოსვენება“, _ განაცხადა ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ციხელაშვილმა.
ცნობისთვის, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.