ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან ხარობს და ყველა რეგიონშია გავრცელებული, ზღვის დონიდან 1600-1800 მ სიმაღლემდე. თუმცა, მისგან საწებლის მომზადება, რაც შეუცვლელია და პირველ ადგილს იკავებს ჩვენს სუფრაზე, მაინც დასავლეთ საქართველოში იღებს სათავეს.
ტყემლის არსებული ჯიშებიდან, ჩვენში კარგადაა გავრცელებული შედეგი სახეობები: გულდედავა, გაზაფხულის მერცხალი, ლენკროტი, წითელი დროშა, რიონი და სხვა. ეს დარაიონებული ჯიშები დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით ბევრგან იყო გაშენებული, თუმცა, უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე უმიზეზოდ ამოძირკვეს, ზოგან თავისით გახმა და ბევრს ეს დღეს სანანებლად აქვს ქცეული. მით უფრო, როცა ტყემლის ნაყოფზე მოთხოვნა ყოველ წელს იზრდება.
ტყემალს ქართულ სამზარეულოში ვერაფერი ცვლის. მისი საწებელი, როგორც ვთქვით, პირველ ადგილზეა და ეს არა მარტო გემოსა და არომატის, არამედ მისი, როგორც ძალზე მარგებელი, სამკურნალო თვისებების გამოც. გარდა ამისა, ტყემლის მურაბა, კომპოტი, ტყლაპი, კვაწარახი, არაყი საყოველთაოდ ცნობილი და ყველა ოჯახის აუცილებელი ტკბილეული თუ სასმელია. მათი მომზადებაც ერთგვარ, უპირობო რიტუალურ სამზარეულო წესსაც კი ჰგავს ჩვენში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნიადაგურ-კლიმატური მახასიათებლები სუბტროპიკული ზონის ტიპისაა, სადაც შესაძლებელია ტყემალი კარგად გაშენდეს. მით უფრო, როცა ნიადაგისადმი ტყემლის კულტურა ნაკლებმომთხოვნია და ადვილად ხარობს; ყინვაგამძლეა, უყვარს სითბო და სინათლე და მავნებელ დაავადებებსა და ავადმყოფობას კარგად უმკლავდება.
ტყემლის კულტურას, მასზე მზარდი და უპირობო მოთხოვნის გამო, მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დავუთმოთ. დღეისთვის მასზე ისეთივე მოთხოვნაა ჩაბარების მხრივ, როგორც ეს იყო გასული საუკუნის ბოლო 30-40 წლის განმავლობაში.
ტყემლის მცენარე რომ გავაშენოთ, უმჯობესია, ვიცოდეთ ბევრი რამ მის შესახებ: მცენარე ფესვს კარგად ივითარებს სიღრმეში, იტანს როგორც სიმშრალეს, ისე, ნოტიო პირობებს. ადვილი მოსავლელია და საშუალოდ ერთი ზრდასრული ძირი 200 კგ და ზოგჯერ მეტ ნაყოფსაც იძლევა.
ამიტომ ფართობი, რომელზეც ტყემლის გაშენებას გადავწყვეტთ, რა თქმა უნდა, ჯერ კარგად უნდა გაიწმინდოს, შემდეგ კი მკვეთრად გავმიჯნოთ დაშორება, 3 მეტრი მანძილით მაინც. უმჯობესია, თუ შემოდგომაზე დავრგავთ, ამიტომ ახლავე უნდა დავიჭიროთ თადარიგი. თუ დარგვას ადრე გაზაფხულზე გადავწყვეტთ, იგივე პირობების მომზადება მოგვიწევს.
დარგვამდე ორმოებში შევიტანოთ ორგანული და მინერალური სასუქები, რაც ტექნოლოგიური რუკით იქნება გათვალისწინებული. როგორც ვთქვით, ტყემალი ადვილად ხარობს და მაქსიმალური ძალისხმევის გარეშეც ადვილად მოერგება გარემოს.
ახლადდარგული მცენარეების ფორმირება ხდება პირველი წლებიდანვე. ამიტომ მნიშვნელოვანია დროული მოვლითი ღონისძიებების აგროვადებში ჩატარება. პირველ წელს უნდა გადავჭრათ კარგად განვითარებული კვირტის ახლოს, რათა ვარჯმა დამახასიათებელი ფორმა მიიღოს.
ტყემლის კულტურის გაშენებისას ყურადღება უნდა მივაქციოთ ჯიშის სწორად შერჩევას, რათა მოხდეს მათი ნორმალური დამტვერიანება და რეგულარული ყვავილობა, რაც კარგი ნაყოფმსხმოიარობის პირობას იძლევა. ასევე, სწორად უნდა იქნას ჯიშები შერჩეული სიმწიფის პერიოდის ფაზების მხრივ.
ტყემალი მიზანშეწონილია, გავაშენოთ მზიან, ქარებისგან დაცულ, შედარებით მაღალ ადგილებში. თუ ქარისგან მაინც ვერ ვიცავთ, დიდ ჯაფას არ მოითხოვს ქარსაფარი ზოლის გაშენებაც. ამისთვის გამოდგება სწრაფმზარდი მცენარეები, მაგალითად: აკაცია და სხვა თაფლოვანი მცენარეები, რომელიც თავის მხრივ მეფუტკრეობის განვითარებასაც წაადგება.
ვახტანგ სურგულაძე, სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი