მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის სივრცითი განვითარების კომპონენტის ფარგლებში შიდა გზების რეაბილიტაციის მსხვილი პროექტი იწყება, – საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
ტენდერში გამარჯვებულია კორეული კომპანია, რომელიც 6 თვეში მოამზადებს დეტალურ პროექტებს ისეთი გზების განვითარებისთვის, როგორებიცაა:
აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთა; ·წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამია; სადახლო-ახკერპი – საქართველო-სომხეთის საზღვართან; ასევე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან არხილოსკალო-სამთაწყარო, წალენჯიხა-ჯვარი-ჯიხაშკარი; გუფთა-ონი; თბილისი (პანტიანი)-მანგლისი.
გარდა ამისა, გახორციელდება სხვა მცირე საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაცია.
“ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ამდენი შიდა გზის რეაბილიტაციის პროექტი, რაც, უპირველეს ყოვლისა, გზებს მოაწესრიგებს და გააჩენს ბევრ სამუშაო ადგილს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის“, _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.