უკრაინის მოქალაქემ პავლო ჰრიბმა შიმშილობა გამოაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას The Ukrinform ავრცელებს.
მას რუსეთის სასამართლომ ტერორიზმის ხელშეწყობისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„უკრაინის ომბუდსმენს არ მისცეს ჩემი ნახვის უფლება და იმ ყველაფრის გამო, რასაც მე მაბრალებენ, შიმშილობას ვაცხადებ“, _ ამბობს ჰრიბი.
გავრცელებული ინფორმაციით, პავლო ჰრიბი 2017 წლის 24 აგვისტოს ბელარუსიაში გაუჩინარდა, სადაც გოგონას უნდა შეხვედროდა, რომელთანაც კომუნიკაცია ინტერნეტით ჰქონდა.
სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ის ტერორიზმის ბრალდებით კრასნოდარის დაკავების ცენტრში იმყოფებოდა.
იმავე დროს, მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ჰრიბი ბელარუსიადან რუსეთის უშიშროების სამსახურმა გაიტაცა.